თბილისი, 1 მაისი — Sputnik. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მიზანმიმართული გადაწვის და დაზიანების შესახებ ინტერნეტ-სივრცეში აქტიური განხილვა და სამართლიანი პროტესტი მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო სახელწოდებით — „SOS! კატასტროფა ხდება ლისის თავზე", პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. აღნიშნულ ვიდეოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხაბეიშვილის მტკიცებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიზანმიმართულად ხდება ნაძვების განადგურება, ხეების ძირის დაწვა, რათა შემდეგ ისინი გახმეს და მოიჭრას.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრების შედეგია.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება", — განაცხადა ლექვინაძემ.
გარდა ამისა, ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ის ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია "ლისი დეველოპმენტის" კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რასთან დაკავშირებითაც კერძო მესაკუთრემ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.
„არსებობს ფოტომასალა, რომელიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც "სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს", — აღნიშნა ლექვინაძემ.
მერის მოადგილემ ბრიფინგზე უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ რჩება.
ამასთან ერთად მან მოუწოდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას.