იასამანი (Syringa) ზეთისხილისებრთა (Oleaceae) ოჯახის მცენარეა.
ჩვეულებრივი იასამნისაგან (Syringa vulgaris) 1500 ზე მეტი ჯიშია გამოყვანილი, რომლებიც ერთმანეთისაგან ყვავილის აგებულებით, ყვავილედის ფორმითა და სიდიდით, ასევე არომატითა და ყვავილობის ვადებით, ბუჩქის სიმაღლითა და ფორმით განსხვავდებიან. თუმცა ერთი რამ აქვთ საერთო — ყინვაგამძლეობა და მოყვანის პირობები.
ბუნებაში იასამნის 30-მდე სახეობაა გავრცელებული. ძირითადად ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. ასევე — ჰიმალაის დასავლეთ ნაწილში, ბალკანეთსა და კარპატებში.
დარგვა
იასამნის დარგვისთვის საუკეთესო დროა შემოდგომა. თუმცა, შესაძლებელია დაირგოს გაზაფხულზეც, მაგრამ კვირტების გაშლამდე. იასამანი უკეთ იზრდება კარგად განათებულ, ქარისაგან დაცულ ადგილებზე, როგორც სწორ ველზე, ასევე ფერდობებზე. ნიადაგი ზომიერად ტენიანი და ნაყოფიერი უნდა იყოს. უხდებათ ორგანული და მინერალური სასუქით გამდიდრებული, ნეიტრალური არის მქონე, შავმიწა, თიხნარი ნიადაგები. გრუნტის წყლების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 1.5-2 მ უნდა იყოს.
დარგვისას ბუჩქებს შორის მანძილი 1.5 დან 3 მეტრამდე უნდა იყოს. ნაყოფიერ ნიადაგებში ჩასარგავად იღებენ ორმოს ზომით 50×50×50 სმ. თუ ნიადაგი მჟავე რეაქციისაა, აუცილებელია მასში კირისა და დოლომიტის ფქვილის დამატება. საქონლის ნაკელის დამატება კი არ არის სასურველი, რადგან იასამნის ბუჩქები ვერ იტანენ ზედმეტ აზოტს.
იასამნის ნერგის ჩარგვის სიღრმე ნერგის ტიპზეა დამოკიდებული. დაკალმებული ან გადაწვენით გამრავლებული ნერგი შეიძლება მცირე სიღრმეზე ჩაირგას —5 —7 სმ, რათა დამატებითი ფესვების გაჩენის სტიმულირება მოხდეს. ჩვეულებრივი იასამნის ნათეს ნერგზე დამყნობილ ნერგს რგავენ ისე, რომ ფესვის ყელი იყოს ნიადაგის დონეზე, ხოლო ნამყენი ადგილი უფრო მაღლა, რათა დროულად მოხდეს „ველური“ ამონაყარის აღმოჩენა, რომელიც ნამყენის ქვემოდან ამოდის.
მოვლა
იასამანს ადრე გაზაფხულზე სხლავენ. ბასრი სეკატორით აცილებენ სუსტ, დაავადებულ და ბუჩქის ცენტრისაკენ მოზარდ ტოტებს. ნამყენი იასამანისათვის აუცილებელია „ველური“ ამონაყარის მოცილება. მსხვილი გადანაჭრები აუცილებლად საჭიროებენ ბაღის მალამოთი დამუშავებას. ასევე ფრთხილად აცილებენ გადაყვავილებულ ტოტებს ისე, რომ ბუჩქზე სხვა ტოტები არ დაზიანდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იასამნისათვის ტოტების შემტვრევა. ეს არა მარტო ამახინჯებს ბუჩქს, არამედ ინფექციის წყაროა მცენარისათვის და შესაძლოა ამის გამო დაიღუპოს კიდეც.
თუკი დარგვისას ორმო კარგად გამდიდრდა სასუქით, პირველი სამი წლის მანძილზე იასამნის ბუჩქები დამატებით კვებას არ საჭიროებენ. შემდეგში, ყოველ წელს ადრე გაზაფხულზე შეაქვთ აზოტის სასუქი —მცირე რაოდენობით და ორ-სამ წელიწადში ერთხელ ფოსფორისა და კალიუმის შემცველი სასუქი ყვავილობის დასრულების შემდეგ. ბუჩქის ირგვლივ „ჯამები“ სარეველებისგან მუდმივად უნდა გაასუფთაოთ და მიწა გააფხვიეროთ.
გამრავლება
იასამანს ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენითა და მყნობით. თესლს აგროვებენ ოქტომბერ-ნოემბერში. შეიძლება პირდაპირ გრუნტში დათესვა შემოდგომაზეც ან გაზაფხულზე. ზრდის პროცესის დასაჩქარებლად, შეიძლება მარტში სახლში ყუთებში დათესვა და დასათბურება, შემდეგ კი მაის-ივნისში ღია გრუნტში გადარგვა.
იასამნის კულტურული ფორმები რთული ჰიბრიდებია და ზოგიერთი მათგანი თესლსაც კი არ იკეთებს. ამიტომ მათ მხოლოდ ვეგეტატიურად ამრავლებენ, ამასთან ახალი მცენარე დედა მცენარის ყველა თვისებას ინარჩუნებს. ვეგეტატიურად გასამრავლებლად იყენებენ ორ მეთოდს — კალმით მყნობას და გადაწვენას. მნიშვნელოვანია, რომ დასაკალმებლად გამოიყენოთ მხოლოდ მწვანე კალმები. ხოლო დაკალმება უნდა მოხდეს იასამნის მასიური ყვავილობის პერიოდში. უმჯობესია თუ დააკალმებთ ყუთებში, სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატში. დაკალმებას დაახლოებით 8-12 კვირა სჭირდება. ერთ წელიწადში შეგიძლიათ ნერგები გრუნტში გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში იასამნის ნერგები ძალიან ნელა იზრდებიან, რადგან ძირითადად ფესვთა სისტემას ივითარებენ. დაკალმებული იასამნები მეოთხე-მეხუთე წელს ყვავილობენ.
მასალა მოამზადა თამარ ხონელიძემ.