თბილისში მრავალსართულიანი სახლიდან მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliმრავალსართულიანი კორპუსი
მრავალსართულიანი კორპუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, კორპუსის ერთ-ერთი საყრდენი სვეტი გაბზარულია. დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში ზესტაფონის ქუჩის 19ა ნომერში მდებარე 16 სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი-2“ (Rustavi2).

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, კორპუსის ერთ-ერთი საყრდენი სვეტი გაბზარულია. დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, საყრდენი სვეტის დაზიანების მიზეზს სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლები დაადგენენ.

ადგილობრივი მოსახლის, მაია ჯაფარიძის თქმით, კედელმა ჩამოიწია და იქიდან ნაწილის გამოღების შემდეგ გამოჩნდა, რომ „კოლონა არის დაზიანებული“. მისივე თქმით, სხვაგან მსგავსი დაზიანება არსად არ შეიმჩნეოდა.

„ეს არის კოლონა, საყრდენი კედელი და უსაფრთხოების მიზნით, თავის დაზღვევის მიზნით, გადაწყვიტა გამგეობამ და შესაბამისმა სპეციალისტებმა, რომ კორპუსი რამდენიმე დღით დაიცალოს“, — განმარტა მაია ჯაფარიძემ.

კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები შალვა ლაგაზური ვარაუდობს, რომ თავის დროზე დაზიანებულ ადგილში, როგორც ჩანს, უხარისხო ბეტონი იყო ჩასხმული. თუმცა ლაბორატორიის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.

„ერთმა კოლონამ განიცადა ჯდენა, რომელიც აღწევს მესამე სართულამდე. იმის ზემოთ გაჩერებულია“, — აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ადგილობრივებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა აზრით კოლონის დაზიანება შესაძლოა მიწისძვრას გამოეწვია.

თუმცა, როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი აცხადებს, დღეს მიწისძვრა არ მომხდარა და რის გამო შეიგრძნო რყევა  კორპუსის მოსახლეობამ, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ამ დროისათვის ადგილზე რჩებიან ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და შსს-ს წარმომადგენლები. 

რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს და შემდგომი ნაბიჯების თაობაზე ინფორმაცია მათ ერთი კვირის თავზე ეცოდინებათ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0