თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ქართულმ ავიაკომპანიამ Georgian Airways – Airzena მსხვილ უცხოურ ავიაკომპანიებს ბრალი დასდო ბილეთებზე ფასების დაგდებაში და სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართა.
საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ავიაგადამზიდავი შემოდის, რომლებიც მგზავრთა მოზიდვის მიზნით მათ ბილეთებზე დაბალ ფასებს სთავაზობენ. Airzena, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან ფუნქციონირებს, გარკვეული დროის მანძილზე ერთადერთი კომპანია იყო რომელიც ავიარეისებს ახორციელებდა მოთხოვნად მიმართულებებზე.
„ჩვენ მუდმივად არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა. უფრო მეტიც, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც ისედაც სარგებლობენ შეღავათებით თავიანთ ქვეყნებში“, — ნათქვამია ავიაკომპანიის გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook.
მიუხედავად სირთულეებისა Airzena აპირებს განაგრძოს ფრენები ამსტერდამის, ვენის, მოსკოვის, თელავივის მიმართულებით და მგზავრთა თხოვნით დაამატოს რეისები ლონდონის, კიევის, პარიზის, ყაზანის და სოჭის მიმართულებით.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ავიაცია შენარჩუნდეს და საბოლოოდ არ განადგურდეს. ვთხოვთ ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, რომლებიც ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სამართლიანი პირობები, დაიცვან ქართული ავიაცია განადგურებისაგან“, — ნათქვამია განცხადებაში
საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა კონკურენტ ავიაკომპანიებს ჯერჯერობით განცხადება Airzena-სთან დაკავშირებით მედიასთან არ გაუკეთებიათ. ამ საკითხებით ქვეყანაში კონკურენციის სააგენტოა დაკავებული, რომელიც თავის მოსაზრებას საკითხის შესწავლის მერე წარმოადგენს.