თბილისი, 29 აპრილი-Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა მხარი დაუჭირა ჩინეთის წინადადებას, რომლის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ აღარ უნდა ჩაატაროს ბირთვული გამოცდები, თუ აშშ და სამხრეთ კორეა შეწყვეტენ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიის სიახლოვეს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.
„ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ საბჭოს წევრებმა ერთხმად მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას, უარი თქვას სარაკეტო და ბირთვულ გამოცდებზე და დაიცვას გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციები. ამავე დროს, გაისმა მოწოდება, რომ მოიძებნოს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული პრობლემის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზები. ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციამ მხარი დაუჭირა ჩინეთის წინადადებას „ორმხრივი შეჩერების“ თაობაზე“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ „ორმხრივი შეჩერება“ იქცევა პოლიტიკური მოლაპარაკებების საწყის წერტილად.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 28 აპრილს გაიმართა, გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში ჩრდილოეთმა კორეამ მორიგი სარაკეტო გამოცდა მოაწყო. სხდომის მსვლელობისას აშშ-ის წარმომადგენელმა მისი იზოლაციის გაძლიერება მოითხოვა, გამოთქვა მზადყოფნა გაამკაცროს არსებული სანქციები და შემოიღოს ახალი აკრძალვები.
ჩრდილოეთმა კორეამ შაბათს წარუმატებლად გაუშვა ბალისტიკური რაკეტა პუკჩხანის რაიონის აეროდრომიდან, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე დაეცა. ეს იყო მესამე წარუმატებელი ცდა მიმდინარე თვეში. ადრე იუწყებოდნენ, რომ რაკეტა შესაძლოა იაპონიის ზღვაში, იაპონიის სანაპიროსთან ჩამოვარდნიყო.
ამასთან დაკავშირებით რუსეთმა შორეული აღმოსავლეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
„რუსეთი ყურადღებით აკვირდება კორეის სახალხო–დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს. შორეული აღმოსავლეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება. ჩვენ ვაკონტროლებთ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების პასუხისმგებლობაში არსებულ საჰაერო სივრცეს“, — განუცხადა РИА Новости-ს ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა: რუსეთი აცნობიერებს, რომ ამ სარაკეტო შეტევების სამიზნეს არ წარმოადგენს.