თბილისი, 29 აპრილი-Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინეს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ირანის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესასვლელად ყალბ პასპორტებს ამზადებდა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის მოქალაქე ბერკანტ დ., სოლიდური გასამრჯელოს ფასად ამზადებდნენ ყალბ პასპორტებს ირანის მოქალაქეებისთვის. თანხის მიღების შემდეგ ეს ხალხი ჩამოჰყავდათ საქართველოში და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემებით (ყალბი და რეალური) ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად როგორც თურქეთში, რომელთანაც ირანს უვიზო რეჟიმი აქვს, ისე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები გადიოდნენ რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულებით. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის ტუალეტში ბერკანტ დ. სამგზავრო ტალონებსა და ყალბ პასპორტებზე არტყამდა საზღვრის გადაკვეთის ყალბ შტამპებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საზღვარზე კონტროლიორს აჩვენებდნენ რეალურ ირანულ პასპორტებს და დასაჯდომ ტალონებს თურქეთის მიმართულებით, ხოლო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ კი მიფრინავდნენ ევროპის მიმართულებით უკვე ყალბი საბუთებით.
აპრილში საქართველოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დააკავა დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი — ბერკანტ დ. მისი ბინიდან ამოიღეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ყალბი ბეჭდები და ასევე სხვადასხვა ქვეყნების ყალბი პასპორტები. დაკავებულს ბრალად ედება დანაშაული „ყალბი დოკუმენტების, ბეჭდებისა და შტამპების დამზადება, გასაღება და გამოყენება“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით.
ამავე მუხლის ბრალდებით დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელიც ცდილობდა ყალბი პასპორტით ევროპაში გამგზავრებას. ორივე მოქალაქე პატიმრობაშია აყვანილი. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა ირანის ხუთი მოქალაქე, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში და აპირებდნენ ამ სქემით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.