ალექსანდრე გელოვანი
ქართველთა სახელმწიფომ უხსოვარი დროიდან დღემდე მრავალჯერ იცვალა სახელი და დღეს მას საქართველო, ქართველთა ქვეყანა ეწოდება. იგი მემკვიდრეა მუშქაბის, დიაოხის, ურარტუსა და ძველი კოლხას სამეფოების, იმ უძველესი ცივილიზაციებისა, რომლებიც ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში ინდოევროპელთა შემოსევების შედეგად საბოლოოდ განადგურდა. თავის უშუალო ისტორიას კი საქართველო ფარნავაზის მიერ ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებიდან ითვლის. 23 საუკუნის მანძილზე ქართველთა ქვეყანა არაერთხელ დაცემულა და აღორძინებულა, ყოველივე ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ მიზეზთა ძიებაზე უფრო მნიშვნელოვანი მემატიანეთა რეალური ფაქტებისგან გამიჯვნა და იმ როლის განსაზღვრაა, რომელსაც ქვეყანა ასრულებდა კაცობრიობის ისტორიის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე.
ქრისტეს შობამდე IV-III საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა ქართლის, ანუ იბერიის სამეფო. სახელმწიფოს საყრდენი ბირთვი და მისი განვითარების წარმმართველი ძალა მესხები ანუ მუშქები იყვნენ.
ფარნავაზის წინაპართა ქვეყნის მმართველობის სისტემას დღეს, ალბათ, დემოკრატიულს ვუწოდებდით: სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება ყოველი კუთხის, სოფლის, თემის, ოჯახის, ადამიანის ინტერესების, მოსაზრებებისა და სურვილების გათვალისწინებით ხდებოდა. მშვიდობიან გარემოში მართვის ასეთი სისტემა ქმედითუნარიანი და პროდუქტიული გახლდათ, მაგრამ ომიანობის ჟამს გადაწყვეტილების მიღების ასეთი მექანიზმი დამღუპველად მოქმედებდა ბრძოლისუნარიანობაზე. ბელადის ხელისუფლების ქვეშ მომთაბარეები მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ და მათთან ბრძოლა ძალიან ჭირდა. როგორც ჩანს, სწორედ სამობილიზაციო მოუქნელობა გახდა მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურების, მუშქაბის, კოლხასა თუ დიაოხის სამეფოთა განადგურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.
ქრისტეს შობამდე VIII საუკუნიდან უძველესი ცივილიზაციები განუწყვეტელი ტერიტორიული გაფართოების შედეგად უშუალოდ დაუმეზობლდნენ ერთმანეთს. მანამდე ფრაგმენტული, მოზაიკური მსოფლიო ერთიან ოიკუმენად ჩამოყალიბდა. ხალხებს შორის სავაჭრო, პოლიტიკურმა, კულტურულმა თუ სხვა სახის ურთიერთობებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. დაიწყო ამ ურთიერთობების სისტემატიზირება.
ვაჭრობა თანამშრომლობის მომგებიანი და მშვიდობიანი, ამდენად ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ „საერთაშორისო ურთიერთობების” სისტემატიზაცია პირველად სწორედ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში დაიწყო: ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში „ამოქმედდა” “დიდი აბრეშუმის გზა” — სავაჭრო მაგისტრალი, რომელმაც სახმელეთო გზით ერთმანეთთან დააკავშირა ქვეყნები და ხალხები ინდოჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვის აზიურ სანაპირომდე, აქედან კი ზღვით პორტუგალიამდე და ბრიტანეთის კუნძულებამდე. სავსებით ბუნებრივია ისიც, რომ ამ მაგისტრალის საკვანძო უბნებში ჩასახული წინააღმდეგობები განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩეოდა.
ასე მაგალითად, VI-IV საუკუნეების ბერძენ-სპარსელთა ომები, დიდი აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე — ხმელთაშუა ზღვის წინააზიურ პორტებზე კონტროლზე უპირატესობის მისაღწევას ისახავდა მიზნად. როგორც ცნობილია, ეს პორტები ბერძნული კოლონიები იყო და საზღვაო ვაჭრობის დივიდენდების ლომის წილს სწორედ ისინი იღებდნენ. სპარსეთი „აბრეშუმის გზის” კონტინენტურ ნაწილს ფლობდა და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მის მცდელობას ხელში ჩაეგდო იონია (ასე ეწოდებოდა წინა აზიის ელინურ ნაწილს) წინ აღუდგა მთელი ბერძნული სამყარო.
სამყაროს „უთვალავ ფერთან” პირდაპირ შეხებას და ამავდროულად მისი მთლიანობის გაცნობიერებას მოჰყვა მსოფლმხედველობრივი კრიზისი, რაც, თავის მხრივ, ახლის ძიების დაწყების საწინდარი გახდა. ამ პროცესების შედეგად, თითქმის თანადროულად, ქრისტეს შობამდე VI-IV საუკუნეებში, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ჩნდება ახალი მოძღვრებები და რელიგიური სისტემები. მათი ვერბალიზაცია კონკრეტული ადამიანების სახელებთანაა დაკავშირებული: ჩინეთში ესაა ლაო-ძი და კონფუცი, ინდოეთში – გაუტამა-ბუდა, ირანში – ზარატუშტრა, ელადაში – სოკრატე და მისი თანამოაზრენი, შუამდინარეთში – ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდეველი წინასწარმეტყველები. უდიდეს მოძღვართა ღვაწლმა განსაზღვრა მსოფლიოს კულტურული განვითარების გეზი. ფასეულობათა სისტემა, რომელიც მათ მიერ იქნა გამოკვეთილი, გახდა ცივილიზაციასთან წილნაყარობის საზომი: ხალხები, რომლებიც ადრინდელი ფასეულობებით აგრძელებდა ცხოვრებას, ისტორიულ სივრცეში და ალბათ დღესაც, ბარბაროსად აღიქმებოდა.
„დიდი მოძღვრების“ ზეეროვნულობის მიუხედავად, მათ სწავლებათა საფუძველზე აღმოცენებული მსოფლმხედველობრივი სისტემები იქცა ხალხთა თვითიდენტიფიკაციის ხერხემლად. ხალხები, რომლებმაც არ გაიზიარეს ზემოაღნიშნულ რელიგიურ სისტემათგან რომელიმე, ერებად ვერ ჩამოყალიბდნენ, ისინი ისტორიამ შთანთქა.
ინტეგრაციული პროცესების დინამიურმა ზრდამ ბიძგი მისცა „სამყაროს გაერთიანების” პოლიტიკურ ტენდენციებს. რაც ყველაზე რელიეფურად ალექსანდრე დიდის აღმოსავლეთში ლაშქრობებსა და მსოფლიო იმპერიის შექმნაში გამოიძერწა. სამყაროს ერთიან პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში მოქცევის მაკედონელისეული მოდელი გლობალიზაციის პირველ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. საწინააღმდეგო ტენდენციების საფუძვლად გვევლინება „ეროვნულობა”, რომელიც რელიგიურ მრწამსთან იგივდება.
ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში, პროტოქართველთა მეზობლად, აქამენიდთა საგვარეულო ზოროასტრიზმის იდეოლოგიით აერთიანებს ინდო-არიული მოდგმის ხალხებს. ამ პერიოდს უკავშირდება მუშქების მიგრაცია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი აარსებენ ქალაქ მცხეთას. დაახლოებით ამავე პერიოდში მცხეთაში სახლდებიან ბაბილონის ტყვეობას გადარჩენილი ებრაელები. IV საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად, ბერძნებიც გამოჩნდნენ.
მცხეთაში სპარსელ მოგვებსა და ებრაელებს საკუთარი საკულტო ნაგებობები ჰქონდათ, ვრცელდებოდა ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ელინურ თუ არამეულ ღვთაებათა კულტები, ფეხს იკიდებდა უცხო ენა და ლექსიკა. თავად სახელის, ფარავაზის, სემიოტიკა ნათლად მეტყველებს ირანული გავლენის სიმძლავრეზე.
ქართლში ალექსანდრე მაკედონელის სარდალი ვინმე აზონი (იგივე აზო) გაბატონდა, რომელმაც მოკლა ქართლის უკანასკნელი მამასახლისი სამარა და ქართლის პირველი მეფე გახდა. აზონი წარმოშობით „არიან-ქართლიდან“ იყო. არიან-ქართლად იწოდებოდა ქართველური ტომებით დასახლებული ტერიტორია მცირე აზიაში, რომელიც აქამენიდური ირანის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ სივრცეს შუა საუკუნეების მსოფლიო კაბადოკიის სახელით იცნობს. აზოს სამშობლო საუკუნეთა მდინარებაში დიდ ცივილიზაციათა ძლიერ გავლენას განიცდიდა. მიუხედავად მოსახლეობის ქართველური წარმოშობისა, უცხოურ კულტურას მათში მძლავრად ჰქონდა ფესვი გადგმული. აზონი ელინიზმის აპოლოგეტი იყო და მან ქართველობისთვის უცხო ზნე-ჩვეულების, ენისა და რელიგიის დამკვიდრება სცადა. მემატიანის ცნობით, აზონის ძალისხმევას წინ აღუგდა მოსახლეობა. იფეთქა აჯანყებამ, რომელიც სამარას ძმიშვილის, ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა.
ფარნავაზი, როგორც ძირძველი არისტოკრატიის წარმომადგენელი, აზონის კარზე მიღებული პირი იყო. აზონთან მის დაპირისპირებას კვებავდა მსოფლმხედველობრივი და კულტურული სხვადასხვაობა, სამყაროს განსხვავებული აღქმა. რაინდულ საფეხურთა გავლისა და უმაღლესი ხელდასხმის აღსრულების შემდეგ (რაც ლეგენდაში „განძის“ პოვნის ალეგორიითა ასახული), მას დაემორჩილნენ ქართველური გვარ-ტომების არხონტები, მათ შორის, კოლხთა უპირველესი მამამთავარი ქუჯი. აზონის ხელისუფლება დაეცა.
ქართველურ ტომთა სათავეში ფარნავაზი მოექცა, რომელმაც სახელმწიფო მმართველობის სისტემა არიულ — მონარქიულ ყაიდაზე საბოლოოდ გადააწყო. ამიერიდან უზენაეს მმართველად მამასახლისის ნაცვლად მეფე იქცა. ქვეშევრდომმა სპასპეტმა და ერისთავებმა ქვეყანა თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანეს. საერთო-ეროვნულ საკითხებს მეფე, ქურუმთა საბჭო და მმართველი ელიტა განაგებდა. დაიხვეწა ქართული წარმართული პანთეონი. სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა. ქართულმა დამწერლობამ, რომელიც მანამდე მხოლოდ ქურუმთა წრეში იხმარებოდა და კულტის მსახურების აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ, საერო დატვირთვაც — საქმისწარმოება — მიიღო. ერთმანეთს გაემიჯნენ კულტის მსახურთა და ერისკაცთა ფენები. სახეზეა სოციალური დიფერენციაციის ნიშნებიც (აზნაურები და უაზნონი) – მეომართა ფენა განსხვავებულ სოციალურ ბირთვს აყალიბებს.
ფარნავაზის მეფობას უკავშირდება აღმოსავლელ, დასავლელ და სამხრეთელ ქართველთა – კოლხებისა და იბერების ერთიანობის იდეის პირველი პრაქტიკული ხორცშესხმა მესხთა ძალისხმევაზე დაფუძნებული მცხეთის ტახტის ქვეშ. ფარნავაზის გონივრული პოლიტიკა სახელმწიფოს ინტენსიური განვითარების საწინდარი გახდა.