თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისში ქართველი მეღვინეებისა და რუსი ჟურნალისტებისა და დარგის ექსპერტების შეხვედრა 27-30 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის განცხადებაში.
ღონისძიება მეღვინეობის შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში პრიმაკოვის ცენტრისა და გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“.
შეხვედრის ფარგლებში სასტუმრო Tbilisi Marriott-ში შედგება მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები: მეღვინეობა როგორც ქართული ექსპორტის მამოძრავებელი ძალა“.
გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები კახეთსა და ქართლში ღვინის კომპანიებს დაათვალიერებენ, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებს გაეცნობიან.