თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ტულის „არსენალის“ ქართველი მცველი გია გრიგალავა სამარას „კრილია სოვეტოვის“ კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა. მატჩი რუსეთის ჩემპიონატის 25–ე ტურის ფარგლებში გაიმართა.
გრიგალავამ, კუთხურის გათამაშების შემდეგ, 31-ე წუთზე სეზონში პირველი გოლის გატანით, თავისი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმის მიწურულს „არსენალმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა (ფედერიკო რასიჩი) და მატჩის საბოლოო შედეგი დაადგინა – 2:0.
ამ გამარჯვების წყალობით, ტულის გუნდმა სატურნირო ცხრილში „კრილია სოვეტოვს“ გაუსწრო და „გავარდნის“ ზონიდან გავიდა. ორივე გუნდს 21 ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით „არსენალი“ სამარელებს უსწრებს.
რუსეთის ჩემპიონატის XXVI ტურში „არსენალი“ გასვლით მატჩში „უფას“ დაუპირისპირდება.
გრიგალავა ტულის „არსენალში“ მიმდინარე წლის ზამთარში კვიპროსის „ეთნიკოსიდან“ გადავიდა. კონტრაქტი ფეხბურთელსა და კლუბს შორის „1,5 წელი + 1“ სისტემით გაფორმდა.
თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი გრიგალავამ რუსეთში გაატარა. ის გამოდიოდა კლუბებში: „როსტოვი“მ „მოსკვა“, „ანჟი“, „ვოლგა“ და „კრილია სოვეტოვი“.