თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურული ურთიერთობების სფეროებში მიმოცვლისათვის დაბრკოლებები არ არსებობს. მაგრამ, როგორც - „რუსეთი და საქართველო ახალ საერთაშორისო კონტექსტში"- თბილისი-მოსკოვის ვიდეოხიდის მონაწილე ექსპერტებმა აღიარეს, პოლიტიკური დიალოგიც მნიშვნელოვანია. მათ შორის იმისათვის, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში სრულფასოვანი ურთიერთქმედება მოხდეს.
„რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით სიმწვავეს კარგავს, მედიის ფოკუსიდან გამოდის, რაშიც, შესაძლებელია, გარკვეული უპირატესობებიც არის“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უშიშროების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა. ექსპერტმა ქვეყნებს შორის უთანხმოების არსებობა აღიარა და რუსულ-ქართული ურთიერთობების განხილვა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე შესთავაზა.
რუსული მხრიდან ვიდეოხიდში მონაწილეობა ორმა ექსპერტმა მიიღო, ქართული მხრიდან — ხუთმა.
„ის, რომ საქართველო ხუთი ექსპერტით არის წარმოდგენილი, ადასტურებს, რომ ჩვენი ექსპერტების თანასაზოგადოება მგავს დიალოგში დაინტერესებულია. არ ვიცი, რამდენად შეცვლის ის ოფიციალურ დიალოგს, ყოველ შემთხვევაში, ფონი სერიოზულად იცვლება“, — აღნიშნა გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა.
ნიკოლაი სილაევის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკას ატარებს, ნატოში შესვლის სურვილს აცხადებს. თუმცა, ევროკავშირიც, ნატოც და შეერთებული შტატებიც გარკვეულ კრიზისს განიცდიან. „აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. ბევრს საუბრობენ ევროკავშირის კრიზისის შესახებ, აშშ-ში არსებულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე, შესამჩნევია კრიზისი თავად ჩრდილოატლანტიკურ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური წრეების გარკვეული დეზორიენტაცია“.
„მეორეს მხრივ, რუსეთის პოლიტიკაშიც სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტულობა მეორე პლანზე გადადის ისეთ პრობლემებთან შედარებით, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სირიის კონფლიქტის მოგვარება, რომელშიც რუსეთი აქტიურად მონაწილეობს. ამიტომაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში რამდენიმე წლის განმავლობაში პაუზა შეინიშნება“, — განაცხადა სილაევმა.
„პოლიტიკურმა კლასმა უკვე გაიგო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გადადებული თუ არ არის, უახლოეს მომავალში აქტიური არ იქნება. მიგრაციული კრიზისი ეხება არამარტო ევროპულ ქვეყნებს, ის საქართველოშიც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის მხრიდან მიგრანტების გარკვეული რაოდენობის მიღების მოთხოვნა არსებობს. საზოგადოებას ცხელ წერტილებში სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა აწუხებს. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ მისი მხრიდან არანაირი ახალი ინიციატივა არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ერთის მხრივ რუსეთიდან გვესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს, მეორეს მხრივ — საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფხაზეთში ვიზიტი, წინა განცხადებების შინაარს სერიოზულად ცვლის“, — უპასუხა ნანა დევდარიანმა.
საერთოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემას თითქმის ყველა ქართველი ექსპერტი შეეხო. რუსი პოლიტოლოგები ძირითად აქცენტს აკეთებდნენ შეხების წერტილებზე და არა უთანხმოების საკითხებზე.
ნიკოლაი სილაევის თქმით, ყველაზე მთავარია — არ გაუარესდეს ქართულ-რუსული ურთიერთობები. ამისათვის ქვეყნებს შორის დიალოგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს და არა მესამე მხარეს — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.
„როგორც ჩანს, არსებობს დიალოგის პერსპექტივა ენერგეტიკის, უსაფრთხოების სფეროში, ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია განხილულ იქნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების განლაგების ფორმის ცვლილებისა და რაოდენობის შემცირების საკითხი. გასაგებია, რომ ეს უნდა მოხდეს იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლებსაც ქართული მხარე მიიღებს. სიტუაციაში, როდესაც მოსკოვმა აქტიურ კავკასიურ პოლიტიკაში პაუზა აიღო, თბილისის დრო დგება“, — განაცხადა სილაევმა.
„საქართველოსა და რუსეთს შორის, სამწუხაროდ, სამშვიდობო ხელშეკრულება არ არსებობს. საქართველო და რუსეთი აქამდე ომის ზღვარზე იმყოფებიან. ხელმოწერილია მხოლოდ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ, ეს არ აძლევს მხარეებს სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგის წარმოების საშუალებას“, - განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ.
„უნდა გადაიხედოს ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, უნდა გაირკვეს, რა არის მომგებიანი საქართველოსათვის და რა რუსეთისათვის. ურთიერთშეხების წერტილები უნდა მოიძებნოს და მიმართულება წავიდეს თუნდაც სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისკენ, რომელიც ურთიერთობებს ურთიერთდაპირისპირებიდან მეტ-ნაკლებად სტაბილურ განვითარებაში გადაიყვანს. დრო მოვიდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან“, — თქვა მან.
რუსი ექსპერტი, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კონსტანტინ ტასიცი თავის კოლეგას არ დაეთანხმა. მისი თქმით, საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან გარკვეული ბონუსები მაინც მიიღო. ეს მთელს მოსახლეობას არ ეხება — მხოლოდ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა მცირე ნაწილს. „მათ მოიპოვეს პრესტიჟი, დამატებითი ლეგიტიმაცია იმისა, რომ მიისწრაფვის გახდეს ევროპული ქვეყანა… როგორც ეს მათ ეჩვენება, ევროპულმა ქვეყნებმა ისინი მიიღეს როგორც თანასწორები“.
ექსპერტი ეჭვობს, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა, როგორც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ნაწილის, სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ქართველი და რუსი ექსპერტები, რომელთაც ნახეს გრაფიკები, საუბრობენ, რომ ეს უფრო მცდარი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვერ ვხედავთ ევროკავშირთან საქონელბრუნვის რადიკალურ ზრდას, ვერ ვხედავთ, რომ ხელშეკრულება რამენაირად ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას, საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის ხარისხისა და გადამუშავების წესის გაუმჯობესებას. ვფიქრობ მალე შევძლებთ იმის განხილვასაც უვიზო რეჟიმი რამდენად გახდა მართლაც ღირებულ შენაძენად საქართველოს მოქალაქეებისათვის.
თუ შევადარებთ მოლდოვას, მისი მაგალითი მოწმობს, რომ ევროოპტიმისტური განწყობა ყოველთვის არ იზრდება, სავიზო რეჟიმის შერბილებისას. ამით უფრო ისინი სარგებლობენ, ვინც ისედაც ხშირად დადიოდა ევროკავშირში“, — აღნიშნა ტასიცმა.
„სიტუაცია მსოფლიოში კარდინალურად შეიცვალა, — განაგრძო მან. — მრავალი ათწლეული მსოფლიომ სერიოზული კონფლიქტების გარეშე იცხოვრა, მაგრამ ტერაქტები ევროპულ დედაქალაქებში, ომები და შეიარაღებული კონფლიქტები პერიფერიებში, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებენ და პოლიტიკური ელიტის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“. ამ საკითხში საქართველოსა და რუსეთს საერთო პრობლემები და ახლო პოზიციები აქვს, თვლის ექსპერტი.
ტერორიზმის საფრთხე თანაბრად ეხება როგორც მოსკოვს ისე თბილისს, რადგან მათ ერთი რეგიონი — კავკასია აკავშირებთ.
ვთქვათ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას, ჩვენ მადლიერი ვიყავით ქართული მხარის უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედებისათვის. მაგრამ, როცა ბოლოს ლავროვს ჰკითხეს ამის შესახებ, მინისტრმა თქვა, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს შორის ურთიერთგაგების ხარისხი არასაკმარისია და ალბათ ვერც იქნება საკმარისი პოლიტიკური კონტაქტების გარეშე.
სრულფასოვანი ურთიერთქმედება ტერორიზმთან ბრძოლაში პოლიტიკურ დიალოგს მოითხოვს“, — თვლის კონსტანტინ ტასიცი.
ქართველი ექსპერტები არა ერთხელ შეეხნენ რეგიონში უსაფრთხოების თემას და ხაზგასმით აღნიშნავდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხისადმი ქართული და რუსული მხარეების პოზიციების შეუთავსებლობას, თუმცა იქვე აღიარებდნენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსა და რუსეთისათვის ურთიერთქმედება მომგებიანია.
„ევროკავშირი — ეს გარკვეული პრესტიჟია. ჩვენ საერთოდ პოლიტიკური სარგებლის ჩარჩოებში ვცხოვრობთ. მაგრამ ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგებს გვაჩვენებს და მისი ბრუნვა მუდმივად იზრდება“, — აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა იოსებ არჩვაძემ. მან და სხვა ქართველმა ექსპერტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ექსპერტთა შეხვედრები პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროლოგი გახდება.