თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრებების ფინალში ვარშავაში რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მეცხრედ მოიპოვა.
პირველი ქულა საქართველოს ნაკრებს ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა (-66 კგ), რომელმაც ანზაურ არდანოვი დამატებით დროში დაამარცხა.
შემდეგი ორი ორთაბრძოლა რუსმა სპორტსმენებმა მოიგეს. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უალი კურჟევმა ლაშა შავდათუაშვილს სძლია, ხოლო სტანისლავ სემიონოვმა (-81) — ზებედა რეხვიაშვილს.
ანგარიში გაათანაბრა ბექა ღვინიაშვილმა (-90), რომელმაც მაგომედ მაგომედოვს სძლია.
ფინალში საბოლოო წერტილი დასვა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც ვარშავაში ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ოქრო უკვე მოიპოვა. რენატ საიდოვთან დაპირისპირებაში იპონით სუფთა გამარჯვება მოიპოვა და ქართველ ძიუდოისტებს გუნდურ შეჯიბრებაში გამარჯვება მოუტანა.
ბრინჯაოს მედლებით უკრაინელი და უნგრელი ძიუდოისტები დაჯილდოვდნენ.
ამგვარად, საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთის ნაკრები გავიდა. მესამეზე კი აზერბაიჯანელი ძიუდოისტები გავიდნენ.