თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ესპანელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციები გარკვეულ გენებში განსაზღვრავს, რამდენად მოსწონს ადამიანს საკვების სხვადასხვა სახეობა – მაგალითად, შოკოლადი, მარილი, ცხიმიანი საჭმელი და ბოსტნეული. მათ დასკვნები წარადგინეს ამჟამად აშშ–ის ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარე კონფერენციაზე Experimental Biology 2017, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
"ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირს საკვებთან მიმართებით თავისი ჩვევების შეცვლა, თუნდაც იცოდეს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის დიეტის შეცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი კვებითი პრეფერენციები და უნარი, მივდიოთ გეგმას, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვჭამთ და როგორ ვიცავთ დიეტას. ჩვენ პირველად შევეცადეთ გაგვეგო, ტვინის მუშაობასთან დაკავშირებული გენები როგორ ახდენენ გავლენას ჯანმრთელი ადამიანის დიეტაზე", – განაცხადა სილვია ბერციანომ (Silvia Berciano) მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტიდან.
მთელ მსოფლიოში ჭარბწონიანობის ეპიდემიის გავრცელების გამო მეცნიერები რამდენიმე წლის წინ იმ გენების ძიებას შეუდგნენ, რომლებიც მართავენ ადამიანის მადას, შიმშილისა და სიმაძღრის შეგრძნებებს, ასევე კვებით უპირატესობებს. პირველი ასეთი გენები გასულ წელს აღმოაჩინეს, როდესაც ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მუტაციებს გენში MC4R შეუძლია აიძულოს ადამიანი, უპირატესობა მიანიჭოს ცხიმიან საკვებს, ხოლო გენების FADS1 და FADS2 ზოგიერთი ვერსიები, ინდუსებსა და აღმოსავლეთ აზიის მცხოვრებლებში, დაკავშირებული აღმოჩნდა ვეგეტარიანულ დიეტასთან მორგებასთან.
ბერციანო და მისი კოლეგები მსგავსი გენების მოძიებას შეეცადნენ. მათ შეისწავლეს ესპანეთში მცხოვრები ევროპული წარმოშობის დაახლოებით რვაასი ქალისა და მამაკაცის დიეტები და დნმ–ში მცირე მუტაციების ნაკრებები. ამისთვის მეცნიერებმა მოხალისეების დნმ–ის სინჯები შეაგროვეს და მათ ანკეტის შევსება სთხოვეს, სადაც უნდა მოეთხროთ, რა ჭამეს ბოლო დღეების განმავლობაში და ამასთან, თითოეული კერძი უნდა შეეფასებინათ.
მონაცემების შეკრების შემდეგ მეცნიერებმა ის შეადარეს დაახლოებით ათას ხუთასი მუტაციისგან შემდეგარ ნაკრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო დიეტასთან, იმასთან, რასაც მოხალისეები ჭამდნენ და აღმოაჩინეს, რომ გენები ადამიანის საკვების უპირატესობებს ნამდვილად მართავენ.
მაგალითად, სხვადასხვა ვარიაცია გენში FTO დაკავშირებული აღმოჩნდა მიღებულ ბოსტნეულსა და უჯრედისთან, ხოლო გენები CREB1 და GABRA2 – მარილთან და მარილიან პროდუქტებთან დამოკიდებულებასთან. დნმ–ის პირველი მონაკვეთი, როგორც ამას მანამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, პასუხისმგებელია მადაზე და ჭარბწონიანობისადმი მიდრეკილებაზე, ხოლო CREB1 და GABRA2 – გენების კითხვის სიჩქარის რეგულატორები არიან და ტვინში სიგნალების გადაცემაზე აგებენ პასუხს.
ზოგიერთი სხვა გენები პროდუქტების გარკვეულ სახეობებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, გენი OXTR, რომელიც ოქსიტოცინზე ორგანიზმის რეაქციასთან არის დაკავშირებული, ბედნიერების ჰორმონი, მართავდა შოკოლადის მიმართ სიყვარულს ან არასიყვარულს, ხოლო გენები SLC6A2, SLC6A5 დაკავშირებული იყო მცენარეულ ცხიმთან და შაქართან.
საინტერესოა, რომ გენების ამ ვარიანტებიდან ბევრი დაკავშირებული იყო გაცხიმოვნების დიდ ალბათობასთან, რაც საშუალებას იძლევა, "ტკბილეულის მოყვარული" ან "ცხიმის მოყვარული" გენების ჩამონათვალი გამოიყენონ, ეს ასეთ ადამიანებს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში, ან მის თავიდან არიდებაში დაეხმარება.
უახლოეს პერიოდში მეცნიერები აპირებენ შეამოწმონ, არის თუ არა ეს კანონზომიერება სხვა რასებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის, ასევე შეეცდებიან გენების სხვა ვარიანტების ძებნას, რომლებიც საკვების უპირატესობებს უკავშირდებიან.