თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო — ქვეყანაში 67000 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
საპრეზიდენტო არჩევნები მეხუთე რესპუბლიკაში მე-11-ჯერ ტარდება. სახელმწიფოს მეთაური საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით აირჩევა, საფრანგეთის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობა 18 წლიდან შეუძლია მიიღოს, სულ საფრანგეთში დაახლოებით 47 მილიონი ამომრჩეველია. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდამდე უმაღლესი სახელმწიფო პოსტი ეკავათ შარლ დე გოლს, ჟორჟ პომპიდუს, ვალერი ჟისკარ დესტენს, ფრანსუა მიტერანს, ჟაკ შირაკს და ნიკოლა სარკოზის.
არჩევნები ორ ტურად ტარდება. არსებული კანონით, თუ ერთ-ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს დააგროვებს, მას მაშინვე გამარჯვებულად გამოაცხადებენ. მაგრამ, ყველა პროგნოზისა და შეფასების მიხედვით, ასეთი შანსი არ არსებობს: სახელმწიფო მეთაურის ვინაობა ცნობილი 7 მაისს გახდება, როდესაც მეორე ტური შედგება.
საარჩევნო უბნები მეტროპოლიაში დილის 10:00 საათზე გაიხსნა და საფრანგეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიხურება, დიდ ქალაქებში კი — 21:00 საათზე. ამ მომენტიდან არჩევნების შედეგებზე პირველი ინფორმაცია შემოვა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ სად მისცემენ ხმას
კვირას ხმის მიცემას ასევე შეძლებენ ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის კუნძულების მაიოტას და რეიუნიონის მოსახლეობა, წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი კალედონიისა და კუნძულების უოლისის და ფუტუნის მცხოვრებლები და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ფრანგები.
დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარე საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების — გვადელუპის, სენ-მარტენის, სენ-ბარტელემის, გვიანას, მარტინიკას, კუნძულების სენ-პიერის და მიკელონის და ფრანგული პოლინეზიის მოსახლეობამ, ასევე ამერიკაში მდებარე საფრანგეთის საელჩოებსა და საკონსულოებში ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე შაბათს მისცეს.
კანდიდატთა შანსები
უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე 11 კანდიდატი იბრძვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ისინი პირობითად ორ ჯგუფად დაყვეს: ლიდერებად და აუტსაიდერებად.
პირველ ჯგუფში შედიან: პოლიტიკური მეინსტრიმის წარმომადგენელი, მოძრაობა „წინ“-ის დამფუძნებელი ემანუელ მაკრონი (გამოკითხვებით — 22,5% — 24,5%), მემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი (22% — 23%), „რესპუბლიკელთა“ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი(19,5% — 21%), „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, უკიდურესად მემარცხენე შეხედულებების პოლიტიკოსი ჟან-ლიუკ მელანშონი (16,5% — 19%) და მმართველი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ბენუა ამონი (6,5% — 8%).
„პატარა“ კანდიდატები, როგორც მათ პრესა უწოდებს, სავარაუდოდ, 3% — 5%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ. ესენი არიან პარტიის „აღსდექ, საფრანგეთო“ თავმჯდომარე ნიკოლა დიუპონ-ენიანი, უკიდურესად მემარცხენე პარტიის „მუშათა ბრძოლის“ კანდიდატი ნატალი არტო, „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის“ ლიდერი ფილიპ პუტუ, პარტია „სოლიდარობა და პროგრესის“ დამფუძნებელი ჟაკ შემინადი, ცენტრისტი დეპუტატი ჟან ლასალი და „სახალხო რესპუბლიკური კავშირის“ ლიდერი ფრანსუა ასელინო.