შვილის დაშიფრული გზავნილი მამას დაუყოვნებლივ სამოქმედოდ და რეპუტაციის შესანარჩუნებლად

© Flickr / Garry Knight / Long Shortsბიჭი ტელეფონით
ბიჭი ტელეფონით - Sputnik საქართველო
გამოწერა

დაფიქრებულხართ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს მოზარდი გამძაფრებულმა თავმოყვარეობამ და რა ნაბიჯი შეიძლება გადაადგმევინოს მას თანატოლების დაცინვის შიშმა?

აბა, წარმოიდგინეთ სურათი: თქვენი ქალიშვილი ან ვაჟი მეგობრებთან ერთად წავიდა სასეირნოდ. ბუნებრივია, თქვენ, როგორც მზრუნველი მშობელი, ურეკავთ შვილს და ეკითხებით, როგორ არის. ის კი, ცოტა დაძაბული, გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა, ცოტა მოგვიანებით შეიტყობთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი არც ისე კარგად ყოფილა, რომ თქვენმა შვილმა სურვილის წინააღმდეგ, მაგრამ იმის შიშით, რომ მეგობრებსა და თანატოლებს არ დაეცინათ, მარიხუანა მოწია ან ალკოჰოლი დალია.

მამისა და შვილის ხელები - Sputnik საქართველო
რაც ყველა მამამ უნდა ასწავლოს ბიჭს

ამერიკელმა პასტორმა ბერტ ფალკსმა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ ზემოთ აღწერილი სურათი ძალიან ხშირად ხდება რეალურ ცხოვრებაში, არაჩვეულებრივ და მარტივ ხერხს მიაგნო, რომელიც მას უმცროს ვაჟთან დენისთან ურთიერთობაში ფრიად გამოადგა.

ეს იდეა პასტორს მოზარდთა ნარკოკლინიკებში სიარულის შემდეგ მოუმწიფდა. საქმე ისაა, რომ პასტორი ხშირად უსვამდა კლინიკების პაციენტებს შეკითხვას: "რამდენი თქვენგანი აღმოჩენილა ისეთ ვითარებაში, როდესაც თქვენს ნაცნობ-მეგობრებს რაღაცა ისეთი გაუკეთებიათ, რაც თქვენ არ მოგწონდათ, გაშინებდათ, არ გსიამოვნებდათ, მაგრამ მაინც გაგიკეთებიათ, ვინაიდან დაცინვისა შეგშინებიათ და, თანაც, არც გამოსავალი გქონიათ?"

როგორც წესი, ამ შეკითხვაზე პასუხად ყველა მოზარდი იწევდა ხელს.

ამან ძლიერ დააფიქრა პასტორი ფალკსი და ბოლოს გამოსავალსაც მიაგნო.

აი, რას გვიამბობს იგი:

"ერთ საღამოს დენი, რომელიც გარდატეხის ასაკში იყო და საოცრად გამძაფრებული ჰქონდა თავმოყვარეობა, მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წასასვლელად ემზადებოდა. მივედი და ვუთხარი, დენი, თუ რამე ისე არ წავა, თავს უხერხულად იგრძნობ, რაღაც დაგაფრთხობს, მაგრამ წამოსვლისა მოგერიდება, რომ სასაცილოდ არ აგიგდონ, მაშინვე მესიჯით ერთადერთი ასო "X" გამოგვიგზავნე ან მე, ან დედას და ან შენს და-ძმას; ვინც ამ მესიჯს მიიღებს, დაახლოებით ორ წუთში დაგირეკავს და გეტყვის, რომ სასწრაფოდ სჭირდება შენი დახმარება და წამოსაყვანად მოგაკითხავს-მეთქი.

უნდა გენახათ, როგორი შვებით ამოისუნთქა დენიმ. იმის შემდეგ, როცა მას რამე არ მოსწონს, თავის კომპანიას მშვიდად უცხადებს, რომ შინ რაღაც მოხდა და უნდა წავიდეს. ბიჭს აღარც დაცინვისა ეშინია, არც უხერხულად გრძნობს თავს და არც არაფერი აიძულებს გააკეთოს ის, რაც არ უნდა.

სხვათა შორის, იქიდან მოყოლებული, იმასაც ვატყობ, რომ დენი მეტი ნდობით მეკიდება".

ასე რომ, ცუდი არ იქნება, თუ მოზარდების მშობლები რაღაც მსგავსი ხერხებით "შევიარაღდებით", რათა საკუთარ პირმშოებს დროულად მოვევლინოთ მხსნელებად ისე, რომ მეგობრების თვალში მათი ავტორიტეტი არ შეილახოს.

ყველა ახალი ამბავი
0