კინო თბილისში: რა ვნახოთ 20-23 აპრილს

გამოწერა
"Sputnik საქართველო" გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერების და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც ამ დღეებში თბილისში კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. დიდი ხნის ნანატრი ქართული პრემიერა: ეკრანებზე გამოდის ტრილერი "მძევლები", რომელიც რეალური ისტორიის მიხედვით არის გადაღებული და რომელმაც 80-იან წლებში მთელი საქართველო შეძრა.

"მძევლები" — ქართველი რეჟისორის რეზო გიგინეიშვილის ტრილერია, რომელიც რეალურ მოვლენებს ეფუძნება — თბილისში 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების მცდელობას. 1983 წლის 18 ნოემბერს სსრკ-დან აშშ–ში გაქცევის მიზნით შვიდმა ახალგაზრდამ Ту-134 თვითმფრინავი გაიტაცა, მათ შორის ერთი ქალი იყო. დილით, 19 ნოემბერს თვითმფრინავი სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო. გავრცელებული მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. ქალს პატიმრობის 14 წელი მიესაჯა, დანარჩენები – სიკვდილით დასაჯეს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, რომელიც გიგინეიშვილის ფილმიდან "სიყვარული აქცენტით" არის ცნობილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მიხეილ გომიაშვილი.

საინტერესო ფაქტები: "მძევლების" პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. გიგინეიშვილის სურათი ბერლინალეზე აჩვენეს სექციაში Panorama Special, სადაც მან კრიტიკოსებისა და პრესის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

თავისი ფილმის შესახებ გიგინეიშვილმა ასე თქვა: "ეს გასაგებია, ჩვენ ღმერთები არ ვართ, ჩვენ თვითმფრინავში არ ვყოფილვართ, არ ვიცით დაკითხვების მასალები როგორ იყო შედგენილი და საით მიჰყავდათ საერთოდ საქმე. საბჭოთა პროპაგანდამ გააკეთა ის, რომ ეს ახალგაზრდები შერაცხეს გარეწრებად და ყველაფერი დააბრალეს. შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს კონტექსტში ამ ახალგაზრდების რომანტიზაცია მოხდა. თუმცა, არც პირველი, არც მეორე იარლიყების მინიჭება ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი… მაგრამ რამ მიიყვანა ეს ადამიანები თვითმფრინავამდე — ესეც კვლევის საგანი უნდა იყოს".

გასულ კვირაში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა "ფორსაჟი 8" (The Fate of the Furious) — რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკული ბოევიკი.

ასევე თბილისის კინოთეატრებში იხილავთ — კომედიას "ვადაგასული ბანდიტები" მორგან ფრიმენით, კრისტოფერ ლოიდითა და მაიკლ კეინით მთავარ როლებში, "მოჩვენება ჯავშანში" სკარლეტ იოჰანსონით, დინ ისრაელაიტის "რეინჯერებს", რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკულ მხატვრულ-მუსიკალურ ფილმს "მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში, რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმს "კონგი: ჩონჩხის კუნძული" (Kong: Skull Island) ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში.

მულტფილმი ბავშვებისთის — მულტფილმი "პატარა ბოსი" და ოჯახური ანიმაციური ფილმი "სმურფები: დაკარგული სოფელი" (Smurfs: The Lost Village)

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0