თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანში მიმდინარე ფართომასშტაბური სწავლებების გეგმის შესაბამისად, განგაშის სიგნალზე დაძრული ჯარი და სამმართველოების სარდლობის პუნქტები ოპერატიული დანიშნულების რაიონებში მიემართებიან, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
ჯარის მართვა ხორციელდება ფარულად და ოპერატიულად, მათი ორგანიზაციის მაღალი მოთხოვნების შესაბამისად.
პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის ყველა გადაადგილებას საკომენდანტო სამსახური არეგულირებს.
ჯარი ატარებს გეგმიურ ღონისძიებებს ამ ტიპის სწავლების პირობების მიხედვით.
ჯარის საბრძოლო მზადყოფნის, ძალებისა და საშუალებების მართვის, საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ პირობებში მათი ურთიერთქმედების შემოწმების მიზნით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბური სწავლება 16 აპრილს დაიწყო და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
სწავლება მიმდინარეობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
სწავლებაში ჩართულია პირადი შემადგენლობის 30000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 250-ზე მეტი ერთეული ტანკი და ჯავშანტექნიკა, 200-მდე ერთეული სხვადასხვა კალიბრის სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, საცეცხლე რეაქტიული სისტემა და ნაღმმტყორცნი, სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ავიაციის 25 ერთეული, ასევე რადიოელექტრონული დაზვერვის ახალი საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.