თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში, მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების დარად, ქრისტეს აღსდგომას აღნიშნავენ. მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ ამ დიდებულ დღესასწაულს, დილიდან იშლება სუფრები, ბავშვები კი სააღდგომო წითელ კვერცხებს სიმტკიცეს უსინჯავენ.
ვინც ღამის ღვთისმსახურებას ვერ დაესწრო, გათენებისთანავე ეკლესიებისკენ ეშურებიან, რათა სააღდგომო კვერცხები და პასკები აკურთხონ. დიდი მარხვის შემდეგ გახსნილება სწორედ ამ საკვებით ხდება. ქუჩებში ყველა მხრიდან ისმის მისალმება: „ქრისტე აღსდგა“, „ჭეშმარიტად აღსდგა“.
ზოგი აღდგომას გარდაცვლილთა სულის მოსახსენებლად სასაფლაოზე გადის, თუმცა ამისთვის მეორე დღე, ორშაბათი უქმედ არის გამოცხადებული.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ავტობუსები, რომლებიც სასაფლაოებზე დადიან, კვირას და ორშაბათს უფასო იქნება.
ქრისტეს აღსდგომა- ერთერთი უძველესი და მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია. ეს პირველი ქრისტიანული დღესასწაულია- ქრისტეს მოწაფეები მას ამ საოცარი მოვლენის მომენტიდან ზეიმობდნენ და ასევე უანდერძეს შთამომავლობას.
აღდგომას ზუსტი თარიღი არ აქვს — ყოველ წელს მას სპეციალური საეკლესიო კალენდრით ანგარიშობენ და გაზაფხულს ემთხვევა. 2017 წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა ერთ დღეს 16 აპრილს აღინიშნება.
აღდგომას მოიხსენიებენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ჯვარზე გაკვრის შემდეგ.