გურიის სოფელ შუხუთში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასტიკი შერკინება — ლელობურთი გაიმართა. ტრადიციის მიხედვით, თამაში მხოლოდ სააღდგომოდ იმართება და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ეჯიბრებიან.
წლევანდელ შერკინებაში გამარჯვება ზემო შუხუთელებს დარჩათ.
ლელობურთისთვის სამზადისი ადრიანი დილით იწყება. თანასოფლელები ერთ-ერთ სახლში იკრიბებიან და ბურთს ამზადებენ — ანუ ტყავის ტოპრაკს ქვიშითა და ნახერხით ტენიან და მერე მჭიდროდ უკრავენ თავს.
ბურთი, როგორც წესი, 16 კილოზე ნაკლებს არ უნდა იწონიდეს. სხვათა შორის, მოთამაშეები ამბობენ, რომ თამაშისას ბურთის წონას ვერ გრძნობენ.
„მთავარია ბურთი მოიგდო ხელში და მერე ბუმბულივით ხდება. ბურთს აიღებ თუ არა, რაც ძალი და ღონე გაქვს, უნდა გაიქცე. ერთხელ ისე დამემართა, რომ ბურთით ხელში ვირბინე, ვირბინე და კედელს მივადექი. გასაქცევი აღარსად მქონდა: წინ კედელი იყო, უკან — ხალხი. რა უნდა მექნა? მოვბრუნდი და პირდაპირ ბრბოში გავიკვლიე გზა. ამ დროს შეიძლება ვინმე წააქციო კიდეც, იმიტომ რომ შენი ტვირთის სიმძიმეს შენ კი ვერ გრძნობ, მაგრამ ტანკივით ხარ“, — გვითხრა შუხუთელმა გელამ.
თამაშის დაწყებამდე ადგილობრივ ეკლესიაში წირვა ტარდება, მერე კი მღვდელმსახური ზღურბლიდან ბურთს აგორებს და იარაღის გასროლაც ისმის.
წელს ბევრი იფიქრეს იმაზე, სროლით ეცნობებინათ თუ არა მოსახლეობისთვის თამაშის დაწყება. პოლიციამ შუხუთელებს სთხოვა, ამის გარეშე გადით ფონსო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს, რომ ტრადიციისთვის არ ეღალატათ და მაინც ესროლათ.
ლელობურთში, რომელსაც ქართულ რაგბის უწოდებენ, არ არსებობს რაიმე გარკვეული წესი. უბრალოდ, ნებისმიერ ფასად უნდა დაეუფლო ბურთს და მდინარის გაღმა ნაპირზე გადაიტანო. ვინც ამას შეძლებს, გამარჯვებულიც ისაა.
საბოლოოდ ბურთი სასაფლაოზე მიაქვთ და ან ლელოს მოთამაშის, ან კიდევ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე ტოვებენ წინაპართა პატივისცემის ნიშნად.
ისტორიკოსების აზრით, ლელობურთი 300 წელს ითვლის. ბოლო წლებში შუხუთელებს თამაშში მეზობელი სოფლის მოსახლეობაც უერთდება. მოთამაშეთა რაოდენობა განუსაზღვრელია და ამიტომ თავად შუხუთელები იწვევენ ხოლმე ნათესავ-მეგობრებს სხვა სოფლებიდან თამაშში მონაწილეობის მისაღებად.
აღსანიშნავია, რომ წარსულში ლელობურთს ქალებიც თამაშობდნენ. ყველაზე მხცოვანი მოთამაშე ქალბატონი 2013 წელს გარდაცვლილა.