თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ ვილნიუსში ქართული ენის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ქართველი განმანათლებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა გადაწყდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.
ღონისძიებაზე მოეწყო პრეზენტაცია ქართული ენისა და ისტორიის შესახებ, სადაც სტუმრები გაეცნენ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.
ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენები — "ქართული ანბანი", "ვეფხისტყაოსნის კალიგრაფია" (კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები) და "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები".
სტუმრების წინაშე გამოვიდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო "კახეთი", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.
საქართველოში დღეს, 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.