თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ჩინეთში დასრულდა ხომალდ „ტიტანიკის“ ნატურალური ზომის ასლის კორპუსის მშენებლობა, რომელსაც სიჩუანის პროვინციაში ტურისტებისთვის აგებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩინეთის საერთაშორისო რადიოზე (CRI) დაყრდნობით.
ცნობილი ხომალდის ასლის მშენებლობა 2014 წლის იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო მდინარე ციცზიანის სანაპიროზე.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ იუანია (140 მლნ აშშ დოლარი).
CRI-ის ინფორმაციით, ხომალდის კორპუსის სიგრძე 296 მეტრია, სიგანე კი — 28,19 მეტრი. „ტიტანიკის“ ასლი სპეციალურ ჰიდრავლიკურ ბიჯგებზე იდგება, რომელთა დახმარებითაც ტურისტებისთვის აისბერგთან შეჯახებისა და ხომალდის ჩაძირვის სიმულაციას შექმნიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის რეალიზაციაზე თანხებს სიჩუანის საინვესტიციო კომპანია „ცი სინ ნენიუანი“ გამოყოფს, ხოლო ხომალდს ჩინეთი გემთმშენებელი კორპორაცია CSIC-ის შვილობილი კომპანია აგებს ამერიკული პროექტით.