თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. 15 აპრილიდან N9 სამარშრუტო ხაზზე ევროპული სტანდარტების ახალი ავტობუსები დაინიშნება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
5 ახალი ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით იმოძრავებს, მგზავრობის ღირებულება სტანდარტული – 50 თეთრი იქნება.
ამჟამად თბილისში სულ MAN-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი მოძრაობს №61, №51, №37 და №87 მარშრუტებზე.
ახალი ავტობუსების პირველი პარტია პოლონეთიდან თბილისში 2016 წლის სექტემბერში ჩამოიყვანეს. დედაქალაქის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით სულ 143 ახალი ავტობუსი შეისყიდა, რომლებიც უკვე თბილისშია. პროექტის მთლიანი ღირებულება 34 მლნ ევროა.
"ახლა მიმდინარეობს გადახდის სისტემების დამონტაჟება იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებიც უახლოეს მომავალში უკვე კონკრეტულ ხაზებზე უნდა გავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ნაწილი უკვე რეალიზებულია… მალე დავიწყებთ ავტობუსების შემოყვანის მეორე ეტაპს, რაც გულისხმობს შედარებით უფრო პატარა გაბარიტების ავტობუსების შესყიდვას", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
აღნიშნული ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და CNG-ს საწვავზე (ბუნებრივი აირი) მუშაობს, რასაც, დიზელის საწვავთან შედარებით, უფრო ნაკლებად აქვს მავნე გამონაბოლქვი.
გარდა ამისა, მაისის თვის ბოლოს დასრულდება ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც 337 ავტობუსზე იქნება გათვლილი. მას შემდეგ, რაც ავტობაზა ექსპლუატაციაში შევა, ის შეძლებს ახალი ავტობუსების მიღებას.
პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო.