თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა შემდეგი სეზონიდან დონეცკის “შახტიორის“ სახელით იასპარეზებს, ნათქვამია „შახტიორის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხუთწლიანი კონტრაქტის ფინასური მხარე არ საჯაროვდება.
„მოხარული ვარ, რომ უკრაინის საუკეთესო გუნდში ვარ… „ჩერნომორეცის“ გუნდს, მწვრთნელებსა და ფანებს არ ვემშვიდობები! ჩვენ ჯერ კიდევ 8 თამაში გვაქვს წინ და ჩვენს მიზანს უნდა მივაღწიოთ“, — დაწერა 24 წლის ხოჭოლავამ Instagram-ზე.
მცველი „ჩერნომორეცში“ 2015 წლის ივლისში ქობულეთის „შუქურადან“ გადავიდა. ამ პერიოდში ოდესის კლუბის შემადგენლობაში მან 41 მატჩი ითამაშა (39 პრემიერ-ლიგაში და ქვეყნის თასის ორი მატჩი), სადაც სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხოჭოლავამ სამი მატჩი ითამაშა, მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში მიმდინარე წლის იანვარში უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა.