„მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი და მინდა, ბევრი ახალი წელი თქვენთან ერთად გავატარო. მინდა ყველასთვის წარმატებული წელი მოვიდეს. ყველა ბედნიერი იყოს. მინდა ჩვენი შვილების მომავალზე ვიფიქროთ, ყველა ნაბიჯი ისე გადავდგათ, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, — თქვა გივი ბერიკაშვილმა.
ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსაყვარლესი მსახიობის დაკარგვის გამო. ეს ბატონი გივის ბოლო აუდიო ჩანაწერია, რომლის საშუალებათაც იგი ქართველ ხალხს ემშვიდობება.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. ამ თეატრების სცენაზე მსახიობმა 70-ზე მეტი დაუვიწყარი სახე შექმნა.