თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე დაიღუპა თურქეთის ქალაქ რიზეში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, კიდევ ხუთი ადამიანი კი დაშავდა, განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაბზონში ავთანდილ მიქაძემ Rustavi 2-ის ეთერში.
"საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მართავდა მიკროავტობუსს, სამწუხაროდ ვერ დაიმორჩილა საჭე და რიზეს ტრასაზე თურქეთის სახანძრო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ხუთი დაშავდა. სამის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ორის კი ძალიან მძიმეა", — განაცხადა მიქაძემ.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოხატა.
"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ასევე დაშავებულებს ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება. ჩვენი საკონსულო პირველივე წუთებიდან მაქსიმალურად ჩართულია და ყოველგვარი დახმარება ხორციელდება, თურქული მხარეც დახმარებას გვიწევს", — განაცხადა მინისტრმა.