თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით ისრაელის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების შესახებ აფრთხილებს და იერუსალიმში აღდგომის ღამეს, მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაზე, წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
ქართველი მომლოცველები სააღდგომოდ ისრაელში ყოველ წელს მიემგზავრებიან, საიდანაც აღდგომის ღამეს ჩამოაქვთ მადლმოსილი ცეცხლი და თბილისის ყველა ტაძარში მიაბრძანებენ.
„აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია საზღვრის კვეთის პროცედურები და შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისათვის დადგენილი მოთხოვნები“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს, რომ ისრაელში გასამგზავრებლად შემდეგი დოკუმენტებია საჭირო: მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, დაზღვევა, მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხა, სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით, საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოდან ჩასულ მომლოცველებს მოუწოდებს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაზე დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს და დაიცვან დადგენილი წესები.
„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს და სთხოვს მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების — ტაძარში შესვლის საშვების შეძენას, რადგან გაყალბებული სამაჯურების გამო ისინი გამოძევებულ იქნებიან ტაძრიდან.
„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს ისრაელში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს“, — ნათქვამია განცხადებაში.
2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნებს უმოკლეს ვადებში იხილავს. უარის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში აბრუნებენ. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ხორციელდება, თუ მათ მოუწესრიგებელი დოკუმენტები აქვთ და თავისი ვიზიტის მიზნების დასაბუთებას ვერ ახერხებენ.