ნინი რაზმაძე
- რა დროიდან დაიწყო შენი ხესთან შეხება?
— პატარაობიდან. როცა სხვებთან ერთად ტყეში დავდიოდი ხის ტოტებს ვთლიდი, ჯოხებს ვაგროვებდი, სტუდენტობის ასაკში კი პირველი ჩუქურთმა გავაკეთე. თავიდან ხეზე საკვეთი დანებიც არ მქონდა. ბევრჯერ დავიწყე და შვწყიტე სწავლა, რადგან მოსაბეზრებელი იყო მუდმივად ერთფეროვანი საქმე. შემდეგ გავიცანი ერთი ადამიანი, დღეს უკვე ჩემი მეგობარი იოსებ ანდრიაძე, რომლიც გაცნობისთანავე გახდა ჩემი მასწავლებელიც და მეგობარიც. ის პირველივე დღეს მენდო და ჩუქურთმა გამაკეთებინა, თავის საქმეში ისე ჩამრთო, რომ არ შეშინებია რამე გამეფუჭებინა. ამ ადამიანმა მასწავლა, რომ მუშაობისას შეიძლება რაღაც გააფუჭო და ისე არ გამოგივიდეს, როგორც გსურს, მაგრამ ამავდროულად რაღაც ახალი დაიბადოს. როდესაც ხეზე ვმუშაობ, წინასწარ არ ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს, მუშაობის პროცესში ახალი ფორმა შეიძლება გაჩნდეს.
ჩემთვის ხეზე მუშაობა სერიოზულ საქმედ მაშინ იქცევა, როდესაც სახელოსნო მექნება, დღეს კი ეს ჰობია ჩემი.
- მარტო მუშაობ?
— კი, ამ ეტაპზე მარტო ვარ. თავიდან ბოლომდე რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მე მეკუთვნის. ასე მუშაობა მარტივიც არის პრინციპში — რაც გიყვარს იმას თუ აკეთებ არ არის რთული.
- სანამ სამკაულების კეთებას დაიწყებდი, რა იყო მანამდე?
— მანამდე იყო ხის სათამაშოები და ჩუქურთმები. როდესაც ჩუქურთმებს ვაკეთებდი, ლესელიძის ქუჩაზე იყო სახელოსნო, სადაც სამი მეგობარი სხვადასხვა შეკვეთაზე ვმუშაობდით და ძირითადად, ხატების ჩარჩოებს ვამზადებდით. შემდეგ უკვე სათამაშოების გაკეთებაზე გადავედი, რადგან სახელოსნო არ მქონდა, მეგობრების სახელოსნობში სხვადასხვა დეტალს ვამზადებდი და სახლში ვაწყობდი.
- რამდენი ხანია, რაც კონკრეტულად სამკაულები გახდა შენი ინტერესის სფერო?
— გასულ წელს დავიწყე ნივთების შეძენა, სულ ორი იარაღი ვიყიდე და ამით დავიწყე ბეჭდების კეთება. რაც უფრო მეტ სამკაულს ვაკეთებდი, ამის პარალელურად ქრებოდა ჩემი საქმიანობიდან სათამაშო.
- რას სთავაზობ მომხარებელს?
— მათ, ვისაც ხის ნივთები მოსწონს, სამი ტიპის სამკაულს ვთავაზობ. სამომავლოდ ვაპირებ სხვა იდეებიც შევთავაზო. ამ ეტაპზე ხისა და ტყავისგან ვაკეთებ თმის ჩხირებს, ბეჭდებს და სამაჯურებს.
- საქართველოში რამდენად პოპულარულია ხის აქსესუარები და როგორ ხდება მისი რეალიზება?
— ხის ნაკეთობებზე მოთხოვნა ამ ბოლო დროს გაიზარდა. პოპულარი არის, მაგრამ არც ისეთი გაყიდვადია, როგორიც უნდა იყოს. ბევრი რამ შემოდის ჩვენთან და ძნელია კონკურენცია გაუწიო. თუმცა, ბევრი ფესტივალი ტარდება, რომლიც ხელს უწყობს ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციას.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
— სახელოსნოს გაკეთება მინდა. ნელ-ნელა საჭირო იარაღებს ვყიდულობ და საჭირო ხელსაწყოები როცა სრულად მექნება, ჩემი სურვილის აღსრულებას მაშინ შევძლებ.