სულიერი მოძღვრები გვასწავლიან, რომ მარხვა განსაკუთრებული სულიერი და ზნეობრივი დედააზრის მატარებელია და მისი უმთავრესი დანიშნულება ადამიანური არსისა და სულის განწმენდაა. დიდმარხვის პირველი და უკანასკნელი კვირა ყველაზე მკაცრია და მძიმე. ამ პერიოდში ლოცვებიც მეტად ხანგრძლივია. ზოგი მორწმუნე ამ დროს მხოლოდ პურსა და წყალზეა, თავისი სურვილისამებრ.
ვნების კვირა
ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების ხსენებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.
დიდი ხუთშაბათი
ამ დღეს ქრისტემ თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა. დიდ ხუთშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას — ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.
მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად მიიჩნეოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.
წითელი პარასკევი
ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა… სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს დასცინეს ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს, დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენ განსადიდებლად, დატანჯეს ის, ვინც მოვიდა ტანჯვისგან ჩვენ გასათავისუფლებლად, სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.
საკუთარი ხალხისგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა და კაცისგან ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ზეკაცის სიტყვები იყო ასეთი: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
წითელ პარასკევს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც უდიდესი რელიკვია, იესოს კვართი ინახება, განსაკუთრებული რიტუალი ტარდება — კვართის დაკრძალვა. ამავე დღეს იღებება კვერცხები წითლად, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა, და ცხვება პასკა.
აღდგომა
უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.