მუზასთან სამუდამო ქორწინება და რა ოინი მოუწყო ერეკლე საღლიანს ზაზა მაღალაშვილმა?

© FB/ Margus Da Cargusზაზა მაღალაშვილი
ზაზა მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა მაღალაშვილი — იგივე „მარგუს და კარგუსი", მსახიობი, პოეტი და რეჟისორი. კინოში ყველაზე სერიოზული ნამუშევარი მისთვის ლევან თუთბერიძის ფილმში „მოირა" დათიკოს როლი აღმოჩნდა. ჰოლანდიაში 25 წელი იცხოვრა.

იქ შექმნა სამოქალაქო ორგანიზაცია „საქართველოს მეგობრები“- „Vrienden Georgie”, რომლის საშუალებითაც თბილისში, მაშინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო ტექნიკით დახმარება შეძლო. ჰოლანდიაშივე მულტიკულტურულ საწყისებზე ტელე-სტუდია „Mudanthe” –Music, Dance, Theater“ ჩამოაყალიბა. დღეს მისი ლექსები, ძალიან პოპულარულია და ის ერთ-ერთ ნიჭიერ პოეტად ითვლება- არა მარტო მსახიობებს შორის…

— ვინ არის ზაზა მაღალაშვილი, მეტსახელად „მარგუს და კარგუსი"- მსახიობი, პოეტი, რეჟისორი, სამივე ერთად თუ კიდევ სხვა ვინმე?

— მარგი დაკარგული- ასე აღვიქვამდი ჩემს თავს „დედინაცვალ მიწაზე". აქ დაბრუნებისას კავშირი „და" გამოვყავი, ლათინურად ვაქციე, იმიტომ, რომ ეგ კაცი რომში მოხვედრილი კორინთოს მთის ძირიდანაა. ასე მივიღე უფრო პოზიტიური და იმედის მომცემი მარგუს და კარგუსი. მარგუსი არც მსახიობია და არც რეჟისორი, უყვარს ჩემზე მეტი ფიქრი, შავი იუმორი, თეთრი ქაღალდის არ ეშინია და,,თიხით თამაშის" ოსტატია. რაც მთავარია, ჰყავს შეგირდი. მოკლედ, ზაზა მე ვარ და მარგუსი- მარგუსია. ჩვენ მშვენიერი მეგობრები ვართ!..

© FB/ Margus Da Cargusკადრი ფილმიდან დემეტრე თავდადებული, 1982 წ.
კადრი ფილმიდან დემეტრე თავდადებული, 1982 წ. - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან დემეტრე თავდადებული, 1982 წ.

— ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი როლი შეგიქმნიათ?

— დათიკოს როლი ლევან თუთბერიძის ფილმში „მოირა" ჩემი ასე თუ ისე, სერიოზული როლი აღმოჩნდა. კარგად მახსოვს, ჩვეულებრივი ჰოლანდიური შუადღე იდგა, როცა სკაიპში ზარი შემოვიდა- ლევან თუთბერიძე იყო, ძალიან გამიხარდა. ვიფიქრე, ალბათ, ჩამოსვლას აპირებს, ან კიდევ უკეთესი, კინოფესტივალზე მოდის მეთქი. მან კი მითხრა, რომ ივნისისთვის სინჯების გადაღება უნდოდა და ახალ ფილმზე მუშაობას იწყებდა. მეც ჩამოვედი, გადაიღეს სინჯები და როლზე დამამტკიცეს. ეს როლი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ „მოირამ“ ბევრი პრიზი მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე.

— ბატონო ზაზა, როგორია მუზა, რომელიც ასე მოწყალეა თქვენს მიმართ და როდიდან „იცნობთ" მას?

— 5-6 წლის ვიყავი, როცა ცხონებულმა დედაჩემმა წერა-კითხვა შემასწავლა, როცა დიდი და დაბრეცილი ასოებით პირველად მომნათლა ფურცელმა. მუზა ალბათ მოკვდა სიცილით, შევეცოდე და ჩემთან დარჩა. როგორ გამოიყურება?— ასაკით ჩემზე უფროსია, თუმცა ყმაწვილი ქალის შესახედაობა აქვს…

— რომელია ლექსი, რომელმაც „გაიძულათ" რომ დაგეწერათ?

— ესაა ლექსი „სანთლის ცრემლები“… დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაშინ მეათე კლასში ვიყავი. მახსოვს, ემიგრაციაში ეს ლექსი — „Rotterdam-Café” რომ არ დამეწერა, ვერ მოვისვენებდი… საერთოდ, წერ მაშინ, როცა ჰაერში იჭერ მუზის „კარნახს“ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ და რა ვითარებაში.

© FB/ Margus Da Cargusზაზა მაღალაშვილი
ზაზა მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
ზაზა მაღალაშვილი

— თუ შეიძლება, მკითხველს შევახსენოთ თქვენი ეს ლექსი…

— კი, ბატონო… „Rotterdam-Café”, რომელიც1994 წელს არის დაწერილი.

დგანან გემები ისევ,

ელოდებიან არსად…

ოფიციანტი მივსებს

ჭიქას წარსულის ფასად.

ბორგავს წვიმების მხარე,

გაცუდსიზმრებულ ძილში,

ელვით შეშლილი წვიმა

თავს აკლავს მიწას მწარედ.

ცელქობს ღიმილი მთვრალი

და მეძავების წრიდან

ასაკს ისწორებს ქალი,

როგორც დაკემსილ წინდას

და როგორც ბოლო იმედს

ვიღაცა აღებს კარებს-

დგას მეზღვაური მძიმედ

და ფურცლავს ქალის თვალებს.

შენ კი არ იცი დილით

რა გზა ურჩიო ბრმა სულს,

ზიხარ და არყით ჯავრობ

სახლში დარჩენილ წარსულს…

— როგორ ცხოვრობდა ზაზა მაღალაშვილი ჰოლანდიაში, რას წერდა ან ქმნიდა?

— ჰოლანდიაში ბევრი რამ გადამხდა. 25 წელი არ არის ცოტა. ენის სწავლა გამიჭირდა თავიდან, საკმაოდ რთული ენაა. თავიდან ინგლისურით გავდიოდი ფონს, მაგრამ იმ ენაზე, თუ არ ლაპარაკობ რომელზეც მასპინძლები, სამუდამო სტუმრად რჩები. ხუთი წლის თავზე ჰოლანდიელი მეგობრების დახმარებით შევქმენი სამოქალაქო ორგანიზაცია „საქართველოს მეგობრები“- „Vrienden Georgie”. მოვახერხეთ დავხმარებოდით თბილისში, მაშინდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო ტექნიკით, რაც მაშინ ძალიან ესაჭიროებოდათ ქართველ ექიმებს. იქვე ჩამოვაყალიბე ტელე-სტუდიო „Mudanthe” – Music, Dance, Theater“ მულტიკულტურულ საწყისებზე. რაც მთავარია, ჩემმა შვილმა, სალომემ, რომელმაც საქართველოში 2 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო დაკარგა, პროგრესი დაიწყო. დღეს სამ ენაზე მშვენივრად საუბრობს. ეს იყო ჩემი იქ ყოფნის დიდი მიზანი…

© FB/ Margus Da Cargusზაზა მაღალაშვილი
ზაზა მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
ზაზა მაღალაშვილი

— თქვენ ლტოლვილთა ბანაკშიც მოგიწიათ ცხოვრება

— დიახ, იქ ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ერთ შემთხვევას მოგიყვებით, რაც კოშმარივით დამამახსოვრდა. ღამის ათი საათი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს. მეზობელი „ქარავანიდან“ ჩემი ვაგონის ტიპის ლტოლვილთა საცხოვრებელი სახლის წინ ქართველი ლტოლვილი იდგა. მის ფეხმძიმე მეუღლეს თურმე გულის შეტევა დაემართა და მთხოვა სასწრაფოს გამოსაძახებლად ბანაკის ტერიტორიაზე მოთავსებულ მისაღებში გავყოლოდი და მისთვის თარჯიმნობა გამეწია. ჩემი ბავშვები — სალომე და გიორგი გავაღვიძეთ, საძინებლიდან მისაღებ ოთახში გადმოვიყვანეთ და ტელევიზორი ჩავურთეთ. მეუღლე ავადმყოფის მისახედად გადავიდა. უკან ვბრუნდებოდით, დავინახეთ ჩემი „ქარავანი“ როგორ განათდა და ჩვენამდე აფეთქების ხმაც მოვიდა… სირბილით დავეშვით ბექობიდან და კვამლით გაბუღულ საცხოვრებელში შევვარდით. საძინებლის ნახევარ მეტრზე შემონგრეული კედლიდან ლამპიონის შუქი აღწევდა და ნაკუწებად ქცეული ბალიშები და საბნები დავინახე. ბავშვები მისაღებ ოთახში ძირს ეყარნენ. ომი!-გავიფიქრე და შვილები შევანჯღრიე. როცა დავინახე, რომ ცოცხლები იყვნენ, გარეთ გავვარდი. პოლიციელს ვეცი და მისი იარაღის ბუდიდან ამოღება ვცადე. უცებ ძლიერი ხელის კვრისგან დავეცი, როცა წამოვხტი, ჭიშკრიდან გზაზე გავვარდი. იქვე მდგარი მანქანის კარები გამოვაღე და იქიდან ვიღაც გადმოვათრიე… საშინელი ფიქრით სავსე ვიყავი და რას ვაკეთებდი, აღარ მახსოვს. მოკლედ, იმ ღამით ღმერთმა გვიშველა. პოლიციაში, დაკითხვისას მითხრეს, რომ სამწუხაროდ,რბილად, რომ ვთქვათ, თავიანთ „სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები“ ჰყავდათ. ამ საშინელი ამბის მერე, ბანაკიდან დიდ ქალაქში ფართო და ნათელ სახლში გადაგვიყვანეს. ეხლა იმ ღამის გამო ჩემს თავზე მეღიმება… მერე საქართველოში დავბრუნდი. მიხაროდა ერთგულ მეგობრებთან ყოფნა და მტკიოდა უმუშევრობა!..

© FB/ Margus Da Cargusზაზა მაღალაშვილი
ზაზა მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
ზაზა მაღალაშვილი

— რით ჰგვანან და განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზაზა პოეტი და ზაზა მსახიობი?

— საერთო როგორ არა აქვთ? ორივე ზაზა მაღალაშვილია… მარტო რომ ვრჩები, „ლოდინის რეჟიმში“ ვარ, ბევრი თეთრი ქაღალდია „დასაჯღაბნი“ და კინოში ბევრი როლია „გასაიმასქნებელი“. იმედია, ოდესმე დავრწმუნდები, რომ ორივე შევძელი. აი, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი თავი ვიპოვე!.. განსხვავება ისაა, რომ მსახიობი საკუთარ თავს არ ეკუთვნის- ის დამოკიდებულია „ვინმეზე და რამეზე“. პოეტი თუ მუზასთან პირველ და სამუდამო „ქორწინებაშია“, საკუთარ თავს ეკუთვნის…

— გაიხსენეთ ამბავი ან შემთხვევა, რომელიც გადაგხდათ და დღემდე ვერ აგიხსნიათ.

— ერთი ასეთი ამბავი მახსენდება: მამაჩემს, ჩემს ძმასა და მე მანქანა მოგვყავდა ლიტვიდან. რუკაზე მოკლე გზა ავირჩიეთ და ბელორუსიაში უღრანი ტყით სავსე, ვიწრო გზას დავადექით. 3-4 საათი იქნებოდა, ღამის ტყის თავზე დიდი, ფორთოხლისფერი მთვარე დავინახეთ. ამ სიდიდის, ეგეთი ფერის არც მთვარე და არც მზე არ გვენახა. საჭესთან მე ვიჯექი და როგორ შევაჩერე გაოგნებულმა მანანა, ვერც მივხვდი. მამაჩემს გადავხედე, გაშეშებული იჯდა და იმ „არც მთვარესა და არც მზეს“ უყურებდა. მერე, ის რაღაც დაიძრა, ტყის თავზე გადაიარა და ღამის უღრანში ჩაეშვა… თბილისში ამაზე არც ერთს არ გვილაპარაკია.

— ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც კი ჩაგიდენიათ ცხოვრებაში…

— სიგიჟეების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია; დიდი სიგიჟის რა მოგახსენოთ, უწყლო აუზში თავით არ ვხტები, მაგრამ ერთ-ერთი ცელქი სიგიჟე ასეთი იყო: ჰოლანდიიდან ჩამოვედი და დიდი ხნის უნახავი მეგობრის, ერეკლე საღლიანის ნახვა მომინდა, ოღონდ შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო უბრალო და ჩვეულებრივი. დავსხედით მე, ჩემი მეგობრები: რუსიკო ბოლქვაძე და გია სოფაძე, მეტსახელად „ჩინგიზა“. მაიამ, ჩემმა ცოლმა ერთი იდეა შემოგვთავაზა და მისი განხორციელება დავიწყეთ. ჩავიცვით შესაფერისად, ვისწავლეთ შესაბამისი ტექსტები და როგორც „ჭეშმარიტ იეღოველებს“ ეკადრებათ, ერეკლეს მივადექით. რუსიკო და ჩინგიზა ერეკლეს ჩვენს მისვლამდე ერთი საათით ადრე ეწვივნენ, რომ არსად გასულიყო და სახლში გაეჩერებინათ. ფურცლები, საწერ-კალმები გააძრეს და „ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიის“ დეტალების დაგეგმვა დაიწყეს. ამასობაში მე და მაია საღლიანებს კარებზე მივადექით და დავაკაკუნეთ, კარი ერეკლემ და მისმა დამ, მანანამ გაგვიღო. ისინი მაიას ჯერ არ იცნობდნენ, რადგან ახალი მოყვანილი მყავდა. მე კი კაშნეთი, ცილინდრით და გრძელი ლაბადით კარგად ვიყავი შეფუთული. ვკითხეთ, კმაყოფილი იყვნენ თუ არა ცხოვრებით. მანანამ კარის ცხვირწინ მოკეტვა დაგვიპირა. ერეკლემ ფეხი ჩაუდგა კარს და მანანას უთხრა; შემოვუშვათ, მოვუსმინოთ, ისინიც ღვთის შვილები არიანო. მან დიალექტიკური გზით ჩვენი მართლმადიდებლობისკენ მოქცევა დაიწყო. შუა საუბარში მაიამ შეაწყვეტინა და ჰკითხა: „ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მეორედ მოსვლის თუ გჯერათო?“ – აქ კი მანანამ იყვირა: „თქვე მოღალატეებო, ერთ კილო ფქვილზე რომ ჰყიდით სამშობლოს!..“ მერე უცებ ჩინგიზამ იყვირა: „მოიხადე ქუდი და დაგვანახე შენი ჭეშმარიტი სახე“ და კეფაში ისეთი მომდო, რომ ჩემი ცილინდრი ჰაერში გაფრიალდა. ამ დროს საუბარში მაია ჩაერთო: „ეტყობა, თქვენ არ გჯერათ მეორედ მოსვლის და ახლავე განახებთო“. ამ სიტყვებით სახიდან კაშნე მომხსნა. „ზაზააა!“ იყვირა ჩემს დანახვაზე მანანამ. ერეკლემ მაინც ვერ მიცნო და მეორედ მოსვლაზე თეოლოგიური მონოლოგი გააგრძელა. მანანა რომ გადამეხვია, იქ ერეკლე რომელიღაც ბგერაზე პირდაღებული დარჩა. ცოტა ხანში სიხარულისგან გადარეული მაგიდის გარშემო დამდევდა… ამ ამბის გახსენებაზე დღემდე გვეცინება…

 

ყველა ახალი ამბავი
0