თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილის მემორიალი პარლამენტის შენობასთან ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
"1989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ხოლო 1991 წლის 9 აპრილი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას… ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი", – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, აქ მყოფ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ და საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა.
9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.