თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდა ველომოყვარულები პირველი ქართული ველოსიპედის სერიულ წარმოებას იწყებენ, იუწყება ტელეკომპანია "Imedi".
ქართული ველოსიპედის ბიზნეს-იდეის ავტორი კომპანია Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელი ბექა კიკნაველიძეა.
ველომოყვარულებმა ველოსიპედის პროექტი უკვე შექმნეს. შექმნილია პროტოტიპიც. ველოსიპედების ბაზარზე გამოტანა 2018 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
აღნიშნულ პროექტს bikes.ge-ს შვილობილი კომპანია Georgian Bicycle Group-ი განახორციელებს.
"ველოსიპედის პროტოტიპი უკვე შექმნილია და მისი გატესტვა ნებისმიერს შეუძლია. იმ ტექნოლოგიას, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, ბაზარზე ალნალოგი არ აქვს", – განაცხადა ბექა კიკნაველიძემ.
თავდაპირველად 500 ერთეული ველოსიპედის გამოშვება იგეგმება. ბავშვებისთვის განკუთვილი ველოსიპედის ფასი 300-400 ლარი იქნება, ხოლო უფროსების მოდელი 700-800 ლარი ეღირება.
როგორც ბექა კიკნაველიძემ განაცხადა, ველოსიპედი მაღაზიაში არ გაიყიდება და მისი ონლაინ–გაყიდვა პირდაპირ დამამზადებელი ქარხნიდან მოხდება.