თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა და მისი კონტროლი საპარლამენტო უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, განუცხადა “Sputnik საქართვერლოს” „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.
„კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღება იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალისთვის ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები და სულისკვეთება მისაღები აღმოჩნდა“- აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა.
კანონპროექტი, რომელსაც მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს.
კანონი, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, თამბაქოს ნაწარმის ყველანაირ რეკლამას, მარკეტინგულ აქტივობას და გაყიდვის წერტილებში თამბაქოს გამოსაჩენ ადგილებზე განთავსებასაც კრძალავს.
ცვლილებების პაკეტი თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების შეზღუდვასთან ერთად, ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ნატა პატარაია