თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 10 აპრილს იწყება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.
რეგისტრაცია, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება, განათლების სამინისტროს და ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდებზე განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები დროულად არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველი ეტაპი 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირდება ის ბავშვები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება არჩეულ სკოლაში 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.
მეორე ეტაპი — იმ ბავშვების საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციაა, რომლებსაც სასწავლო წლის დასაწყისისთვის ექვსი წელი შეუსრულდება. ის 8 მაისს დაიწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.
მესამე ეტაპი 19 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია უშუალოდ იმ სკოლებში ჩატარდება, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება. რეგისტრაციის დროს მშობლებმა ყველა საჭირო დოკუმენტი თან უნდა იქონიონ.
გამოცხადებული რეგისტრაცია არ ეხება კერძო სკოლებს, საუბარია მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.
ახალი სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.
სკოლაში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა არის სავალდებულო: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით), ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი ან სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭებას ადასტურებს.