ახალ-ახალი წვენები
ამ სტარტაპს წარმოადგენს მცირე კომპანია, რომელიც ბოსტნეულის და ხილის ფრეშების დამზადებით არის დაკავებული. ცივი ჰიდრავლიკური წნეხური დაწურვის სპეციალური ტექნოლოგია თავდაპირველი პროდუქტის თითქმის 100%-ის გამოყენების საშუალებას იძლევა და მას სასარგებლო, მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებულ წვენად აქცევს. მაცოცხლებელი სასმელია!
საქართველოსთვის წვენის დაწურვის ახალი ტექნოლოგიის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი შენახვისთვის პასტერიზება საჭირო არ არის. ეს ნიშნავს, რომ ვიტამინებისა და მინერალების უმრავლესობა შენარჩუნდება და პროდუქტი ნატურალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ წვენი ჟანგბადთან კონტაქტის გარეშე იწურება. ეს ნატურალური ფრეშის შენახვის ვადის ხუთ დღემდე გაზრდის საშუალებას იძლევა", — განაცხადა სტარტაპის დამფუძნებელმა ნიკა ვეკუამ.
რა ასორტიმენტს შესთავაზებენ ბიჭები ქართველ მომხმარებელს? ძირითადად, ეს იქნება სხვადასხვა ბოსტნეულის ფრეშები — სტაფილოს, კომბოსტოს, ისპანახის, ჭარხლის. გემოს გაუმჯობესების მიზნით მათ შეურევენ ხილის წვენებს, მაგალითად, ვაშლის ან ატმის. მენიუ სეზონზე იქნება დამოკიდებული.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სპორტდარბაზებში, რომლებთანაც სტარტაპი თანამშრომლობას გეგმავს.
რა სასწაული ხერხია?
ეს ტექნოლოგია გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა. 2000-იანების დასაწყისში იქ ცხოვრების ჯანსაღი წესის ბუმი დაიწყო, მათ შორის, ჯანსაღი კვების. ამ ტექნოლოგიით დამზადებულმა ფრეშებმა პოპულარობის პიკს მიაღწია. ყველგან იხსნებოდა Juice Bar – დაწესებულები, სადაც ვისკის ნაცვლად ახლად გამოწურული სტაფილოს წვენის დალევა იყო შესაძლებელი.
წვენების დაწურვა შემდეგნაირად ხდება: ხილი და ბოსტნეული წვრილად იჭრება, შემდეგ სპეციალურ ჰერმეტულ პაკეტში თავსდება და წნეხის ქვეშ ხვდება. ჟანგბადთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, ესე იგი პროდუქტი მალე არ გაფუჭდება. ნარჩენები იმდენად "ცარიელია", რომ, მაგალითად, კომბოსტოს ნარჩენებს კურდღლებიც არ ეკარებიან.
YouTube-ზე ატვირთული ვიდეოდან ბიზნესის აწყობამდე
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნიკა ვეკუა გაიტაცა ცხოვრების ჯანსაღ წესზე უცხოური ბლოგერების ვიდეოებმა. ეს მისი ჰობი გახდა. საღამოობით ის ათობით ვიდეოებს ათვალიერებდა, სადაც ლამაზი აღნაგობის მომღიმარი ადამიანები ჰყვებოდნენ, როგორ გახდნენ უფრო პროდუქტიულები, ძლიერები, ჯანმრთელები. და ეს ყველაფერი ცხოვრების შეცვლილი წესის წყალობით. ამაში დიდი როლი ითამაშა კვებამ, კერძოდ, გემრიელი და სასარგებლო წვენების ხშირმა დალევამ.
თბილისში მან ვერ იპოვა ფრეშ-ბარი და ეს საწყის წერტილად იქცა. მან მსგავსი დაწესებულების გახსნა გადაწყვიტა – რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის მოდა თანდათანობით ამ ქალაქშიც შემოდის, ახლადდაწურულ წვენებზე მოთხოვნა აუცილებლად გაჩნდებოდა.
მეგობრებს შორის ნიკამ თანამოაზრეები იპოვა. ისინიც მიიჩნევდნენ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ერთ გუნდად გაერთიანდნენ და წვენების ქართულ ბაზარზე სიახლის შეტანა გადაწყვიტეს.
ახალგაზრდებმა "სტარტაპში" ძალების მოსინჯვა და კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეს. მათ თბილისში Juice Bar-ის გახსნა შესთავაზეს.
როდესაც ყველა ფორმალობა გადალახეს, შეაგროვეს ყველა დოკუმენტი, დაწერეს ბიზნეს-გეგმა, გუნდი "სტარტაპ-საქართველოში" გასაუბრებაზე მიიწვიეს. კომისიას ბიჭების იდეა მოეწონა, მაგრამ მათ ოდნავ შეუცვალეს გეგმა — მათ უნდა დაეწყოთ ფრეშების წარმოება და ისინი, მაგალითად, სპორტდარბაზებში გაეყიდათ. ასე დაიბადა პროექტი Veggie Press.
დღეს სტარტაპის გუნდს გზა ხსნილი აქვს. მათ დაფინანსება უკვე მიიღეს. პროდუქციის პირველი პარტიების გაყიდვას ამ ზაფხულს გეგმავენ — პაპანაქებაში ახლად გამოწურული სასარგებლო წვენის დალევა პირდაპირ მისწრებაა!