სადაურსა სად წაიყვან: ანუ ომი, პასკევიჩის მოკავშირე იმამი და მუშთაიდის ბაღი ტფილისში

© Sputnik / Levan Avlabreliმუშთაიდის ბაღი
მუშთაიდის ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველოს კოლუმნისტი ეკატერინე მიქარიძე და მუშთაიდის პარკის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე რუბრიკაში „გასეირნება ტფილისში“ ქალაქელების უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილის ისტორიას გვაცნობენ.

ეკატერინე მიქარიძე

ერთ მშვენიერ დღეს მუშთაიდის პარკისკენ ავიღე გეზი. შესასვლელში ქალი იჯდა, წინ სასუსნავი გაეშალა ბავშვებისთვის. თურმე ყოველ დილას მოდის და გვიან ღამემდე ისე ზის იქ, როგორც საუკუნის წინ ისხდნენ პარკის მცველები. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ბაღის ჭიშკრის ორსავე მხარეს დიდი და ფართო სვეტები მდგარა, ზღუდე კი ბევრად მაღალი ყოფილა, ვიდრე დღესაა.

ახლად გარემონტებული ადმინისტრაციული შენობისკენ მივდივარ, ხის ჩუქურთმიან კარს ვაღებ და დერეფნის ბოლოს მდებარე კაბინეტისკენ მივდივარ. შიგნით ვიხედები და საწერ მაგიდასთან მჯდომ მიმზიდველ მამაკაცს ვხედავ. ისიც კომპიუტერის მონიტორს თვალს აშორებს და დაუპატიჟებელი სტუმარს, ანუ მე გამჭოლ მზერას აპყრობს. ეს პარკის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძეა. ხუთიოდე წუთი მჭირდება, რომ ვიზიტის მიზეზი ავუხსნა, მერე კი ჩვენს შორის მართლაც საინტერესო საუბარი იმართება.   ბატონი ირაკლი მუშთაიდის ბაღის ისტორიის ნამდვილი მემატიანე გამოდგა.

© Sputnik / Levan Avlabreliმუშთაიდის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე
მუშთაიდის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე - Sputnik საქართველო
მუშთაიდის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე

თავრიზიდან ტფილისამდე

ხალხში ღრმად ფესვგადგმული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წარმოშობით სპარსმა მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელმა უდროოდ გარდაცვლილი ქართველი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტფილისის გარეუბანში მდებარე გერმანულ დასახლებაში უზარმაზარი ბაღი გააშენა.

დაივიწყეთ ეს ამბავი, იმიტომ რომ ამ ლირიკას არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

მირ-ფეთე-აღა სეიდ მუშთაიდი სპარსეთში დაიბადა 1794 წელს, ცნობილი იმამის ოჯახში. მამის კვალს გაჰყვა და სასულიერო მოღვაწის გზა აირჩია. მირ-ფეთე მრევლში უპირობო ავტორიტეტით სარგებლობდა. არაჩვეულებრივი ორატორი იყო, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო და ფიცხი ხასიათის მქონეების დამშვიდება-დაოკება კარგად გამოსდიოდა.

© ეროვნული არქივიმუშთაიდის შეასვლელი XIX საუკუნეში. არქივის ფოტო
მუშთაიდის შეასვლელი XIX საუკუნეში. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
მუშთაიდის შეასვლელი XIX საუკუნეში. არქივის ფოტო

საკითხავი ისაა, როგორ მოხვდა ეს პიროვნება საქართველოში, რომელიც იმხანად რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო რუსეთი სპარსეთს ამიერკავკასიაში ბატონობის თაობაზე ეომებოდა?

როგორ და, 1827 წელს, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გენერალი პასკევიჩი მირ-ფეთე-აღა სეიდს დაკავშირებია და მისთვის რუსეთთან თანამშრომლობა შეუთავაზებია. იმასაც, როგორც ჩანს, ბევრი არ უყოყმანია. ვინ იცის, იქნებ სულაც იმიტომ, რომ გულწრფელად ეჯერა პასკევიჩის კეთილი ზრახვებისა და საკუთარი მორალური კოდექსის შესაბამისად მოქმედებდა, როდესაც თავის ხალხს მოუწოდებდა, იარაღი დაეყარა.

© ეროვნული არქივიმუშთაიდი. არქივის ფოტო
მუშთაიდი. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
მუშთაიდი. არქივის ფოტო

სულიერმა მამამ შაჰი სისასტიკეში დაადანაშაულა, ხოლო ამიერკავკასიაში რუსების მართვის მეთოდებს ხოტბა შეასხა. მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა თავრიზელებზე და იმათაც უბრალოდ კი არ დაყარეს იარაღი, არამედ გულითადი დახვედრაც მოუწყეს რუსულ ჯარს.

აი ასე, სულიერი მამის ხელშეწყობით დაეცა მაშინ თავრიზი. ხოლო როცა მუშთაიდმა გააცნობიერა, რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის სპარსეთზე გამარჯვებაში, მიხვდა, რომ მშობელ მიწაზე დარჩენა მასაც და მის ოჯახსაც ხიფათს უქადდა.

ჰოდა, პასკევიჩის დახმარებით, ოჯახთან ერთად კავკასიაში გამომგზავრებულა.

© ეროვნული არქივიმუშთაიდი. ფოტო არქივიდან
მუშთაიდი. ფოტო არქივიდან - Sputnik საქართველო
მუშთაიდი. ფოტო არქივიდან

საჩუქარი იმპერიისგან

ტფილისში დასახლებულ მუშთაიდს რუსეთის მთავრობისგან გაწეული შრომისთვის საკმარისზე ბევრად გულუხვი ანაზღაურება მიუღია: ოქროს მედალი, პენსია, დედოფალ ანას პირველი ხარისხის ორდენი, რამდენიმე სოფელი შირვანში და ოქროს სამეფო გერბი. ჰო, და კიდევ 50 ჰექტარზე მეტი მიწა კუკიაზე — მაშინდელი გერმანული დასახლების მახლობლად.

ნაჩუქარ მიწაზე მუშთაიდს აკაციები დაურგავს და დიდებული ბაღი გაუშენებია, ხოლო ბაღის ცენტრში, ოთხი ხეივნის გადაკვეთაზე, სახლი აუგია. სწორედ ის, რომელშიც პარკის ადმინისტრაციაა განთავსებული.

© Sputnik / Levan Avlabreliმირ-ფეთე-აღა მუშთაიდის მიერ აშენებული სახლი
მირ-ფეთე-აღა მუშთაიდის მიერ აშენებული სახლი - Sputnik საქართველო
მირ-ფეთე-აღა მუშთაიდის მიერ აშენებული სახლი

ბაღი განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზე, ბუნების გაღვიძებისას ყოფილა, როცა უზარმაზარი ხეივნების გაყოლებაზე ველური ვარდის ბუჩქები ყვავილობას იწყებდა. მუშთაიდს ირანიდან მუშები ჩამოუყვანია და მტკვრიდან ბაღამდე სარწყავი არხი გაუყვანია. იმ დროისათვის ეს დიდი სიახლე იყო და ამიტომ დიდი შემოსავალიც მოუტანია. წყლის მოხმარებისთვის მეზობლად მცხოვრები ქალაქელები, ძირითადად, გერმანულ დასახლებაში მცხოვრებნი, დიდ გადასახადს, როგორც ამბობენ, ყოველწლიურად 500 ვერცხლის მანეთს უხდიდნენ…

გენერალ პასკევიჩს სურდა, რომ მუშთაიდი კავკასიის მუსლიმთა წრეებში რუსეთის ინტერესების დანერგვაში გამოეყენებინა. ეს იდეა მისთვის ირანში რუსეთის იმპერიის ელჩს, ალექსანდრე გრიბოედოვს მიეწოდებინა. ამიტომაც მირ-ფეთე-აღა სეიდი პირველი მუსლიმური კომიტეტისთვის ჩაეყენებინათ სათავეში. მის მოვალეობებში კავკასიის მუსლიმთა შესახებ ინფორმაციის მოგროვება და რუსულ პოლიტიკაში მათი ჩართვის გეგმის წარდგენა შედიოდა.

© Sputnik / Levan Avlabreliზაფხულის თეატრის აფიშა მუშთაიდში 1915 წლის 23 დეკემბრიდან
ზაფხულის თეატრის აფიშა მუშთაიდში 1915 წლის 23 დეკემბრიდან - Sputnik საქართველო
ზაფხულის თეატრის აფიშა მუშთაიდში 1915 წლის 23 დეკემბრიდან

1831 წელს პასკევიჩს ტფილისის დატოვება და პოლონეთში ამბოხების ჩასახშობად წასვლამ მოუწია. მუშთაიდიც თან იახლა, რომელიც უკან 1833 წელს დაბრუნებულა. ამასობაში პასკევიჩის ადგილი გრიგორი როზენს დაეკავებინა, რომელთანაც მირ-ფეთე-აღა სეიდს ურთიერთობები ვერა და ვერ დაულაგებია. როზენი მუშთაიდს უსაზღვრო ძალაუფლების მიღების სურვილში სდებდა ბრალს, ამიტომაც უფლებამოსილება შეუმცირა და მხოლოდ რელიგიური საკითხები დაუტოვა სამართავად.

იმავე წელს მუშთაიდს სამშობლოში, ირანში დაბრუნება უთხოვია, რაზეც უარი მიუღია. როზენის აზრით, მას იქ მხოლოდ უსიამოვნება ელოდა. მაგრამ მირ-ფეთე 1841 წელს მალულად გაპარულა ირანში და თან თავისი ორი ვაჟიც წაუყვანია. სამწუხაროდ ბიჭებს შავი ჭირი შეყრიათ და დაღუპულან. არსებობს ცნობები, რომ როდესაც პასკევიჩს მუშთაიდის გაქცევის ამბავი შეუტყვია, უბრალოდ კი არ გაუმართლებია მისი საქციელი, უშუამდგომლია კიდეც, რომ ტფილისში დაებრუნებინათ.

© Sputnik / Levan Avlabreliრესტორანი მუშთაიდში. არქივის ფოტო
რესტორანი მუშთაიდში. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
რესტორანი მუშთაიდში. არქივის ფოტო

მაგრამ მუშთაიდს პრივილეგიების აღდგენასა და საქართველოში დაბრუნებაზე უარი უთქვამს და სამშობლოში ცხოვრება აურჩევია. გავლენიან ირანელს ტფილისში ხუთი ცოლი და სამი ვაჟი დარჩენია, რომელთაგან არცერთს არ მოუსურვებია საქართველოდან წასვლა. სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩენილან. ვაჟები ტფილისში, მუსლიმურ სასაფლაოზე არიან დაკრძალულები.

თავად მირ-ფეთე-აღა სეიდ თავრიზელი 1852 წელს გარდაცვლილა.

მილიონი წითელი ვარდი და გიჟური სიყვარული

მუშთაიდის ტფილისიდან გაქცევის შემდეგ ცნობილ ბაღს არაერთი მფლობელი გამოუცვლია, თუმცა მანამდე თავად მიუყიდია ის ვაჭარ მელიქ-ბეგლაროვისთის. 1853 წელს კი გაკოტრებულ ბეგლაროვს ბაღი 70 ათას რუბლად გადაუცია ქალაქის ხაზინაისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად.

© Sputnik / Levan Avlabreliაბრეშუმის მუზეუმის შენობა მუშთაიდში
აბრეშუმის მუზეუმის შენობა მუშთაიდში - Sputnik საქართველო
აბრეშუმის მუზეუმის შენობა მუშთაიდში

1860 წელს მუშთაიდის გაშენებული ბაღი სახალხო სეირნობის, გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების გასამართ პარკად ქცეულა. მართალია, გერმანული დასახლების ტერიტორიაზე სხვა ბაღებიც ყოფილა, მაგრამ ეს პარკი მაინც ყველაზე მეტად ჰყვარებია ხალხს. თურმე, რას აღარ ეძახდნენ: ბულონის ტყეს, ედემის ბაღსა თუ ტფილისურ სოკოლნიკებს.

თურმე, რა აღარ იმართებოდა პარკში: საქველმოქმედო აუქციონები, თეატრალური წარმოდგენები, ლატარიები, კონცერტები, ფოიერვერკები თუ ლატარია-გათამაშებები ობოლი ბავშვებისა და გაჭირვებულების დასახმარებლად. საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებისთვის ალექსანდროვის ბაღიდან მუშთაიდის პარკამდე დილიჟანსი დაუნიშნავთ, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადიოდა.

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მაცხოვრებლები მუშთაიდში სეირნობენ
თბილისის მაცხოვრებლები მუშთაიდში სეირნობენ - Sputnik საქართველო
თბილისის მაცხოვრებლები მუშთაიდში სეირნობენ

 

გარდა ამისა, პარკში ეწყობოდა პავილიონები, რომლებშიც მთელი კავკასიის მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რაც თურმე ფრიად პრესტიჟული საქმედ მიიჩნეოდა.

1880 წელს ბაღის დიდი ნაწილი კერძო პირებისთვის მიუქირავებიათ იმ პირობით, რომ პარკს ფუნქცია შეუნარჩუნდებოდა. მისი შედარებით მცირე ნაწილი ქონების სამინისტროსა და აბრეშუმის მეურნეობისთვის გადაუციათ. დღეს აბრეშუმის მუზეუმის შენობა პარკის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, წარსულში კი ბაღის შუაგულში ყოფილა მოქცეული.

XIX საუკუნის ბოლოს მუშთაიდის ბაღში, რომელშიც გაზის ფანარები დაუმონტაჟებიათ გასანათებლად, რესტორანი "ტრამვაი" აუშენებიათ და საზაფხულო თეატრი გაუხსნიათ. სხვათა შორის, ამ თეატრის სცენაზე გამოდიოდა თურმე ფრანგი აქტრისა მარგარიტა — სწორედ ის მარგარიტა, რომლის ტრფიალმაც ფიროსმანს თავი დააკარგვინა.

© FB/ Mushtaidi Parkმუშთაიდი
მუშთაიდი - Sputnik საქართველო
მუშთაიდი

ისტორიული რესტორნის შენობა დღეისათვის ავარიულ მდგომარეობაშია. ხუროთმოძღვრების ამ ნიმუშის აღსადგენად საუკეთესო რესტავრატორების მოწვევა, მის წინ კი ფიროსმანის ძეგლის დადგმა იგეგმება — ვარდებით ხელში, და არა ისეთისა, როგორსაც შეჩვეულები ვართ, ნაღვლიანისა და სიღატაკისგან შეჭირვებული მხატვრისა.

ჩვენი ფიროსმანი მაღალია, ტანადი და წარმოსადეგი. სულაც არ არის გაჭირვებული, რადგან დის ქმართან ერთად მაღაზიას ამუშავებს. კარგად იცვამს, აქტრისა მარგარიტას ძვირფას საჩუქრებს ჩუქნის, მერე კი ყველაფერს ყიდის და მილიონ ალისფერი ვარდს უძღვნის სატრფოს… მაგრამ ფრანგი აქტრისა გიჟურ სიყვარულს გაურბის.

პარკში ასევე დაიდგმება ჟან ბედეს ძეგლი — ფრანგი აერონავტისა, რომელიც სამჯერ აფრინდა მუშთაიდის ბაღიდან საჰაერო ბურთით. როგორც ამბობენ, მასთან ერთად აფრენა არავის მოუსურვებია და ამიტომ ვიღაც მემაწვნისგან ვირი იქირავა, ის ჩაისვა კალათში და ასე, ვირის ხმამაღალი ყროყინის ფონზე გადაუფრინა მეტეხის ციხესო.  სანახაობა ფასიანი ყოფილა და 50 კაპიკი ღირებულა.

1900 წელს მუშთაიდის ბაღისთვის ცუდი დრო დამდგარა, როდესაც ის ექვსი წლით მიუქირავებიათ ვაჭარ ავეტის გორგიჯანოვისთვის. იმ პერიოდში თურმე მას ხან მუშთაიდის და ხანაც გორგიჯანოვის ბაღს ეძახდნენ. ათი წლის შემდეგ კი იქაურობა ვინმე მარტიროსოვს რგებია. ჰოდა, პარკიც თანდათან პარტახდებოდა, ლამპიონები აქა-იქა ბჟუტავდა, მერხებიც ალაგ-ალაგღა დარჩენილიყო და საერთოდაც, ნაგავს მიჰქონდა.

ბოლოს, 1918 წელს ბაღი ქალაქის სამმართველოს გადაეცა. ერთი წლის შემდეგ კი ის რკინიგზის სამმართველოს, აბრეშუმის სადგურსა და რაიონის სამმართველოს შორის გადაანაწილეს. საბჭოთა პერიოდში ოდესღაც მუშთაიდის ბაღად წოდებული პარკი „ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკად" აქციეს. ძველი სახელი მას მხოლოდ 1989 წელს დაუბრუნდა.

ჰო, რაც მთავარია: ბაღში დღემდე დგას უძველესი კარუსელი — ღერძის გარშემო მბრუნავი ცხოველები. როცა მისი რეკონსტრუქცია მოინდომეს, მისი ხის კონსტრუქციაში ლითონის დეტალი იპოვეს. გაირკვა, რომ ხის ფიგურები საფრანგეთში ყოფილა დამზადებული. თავიდან, 1905 წელს, კარუსელი ფუნიკულიორზე დაუდგამთ,  მოგვიანებით კი მუშთაიდის ბაღში გადაიტანეს. ოთხი წლის წინ რესტავრაცია ჩაუტარეს და ახლა მთლად ცინცხალივით მხიარულად ტრიალებს, თითქოს ბავშვობაში მიჰქრისო…

ყველა ახალი ამბავი
0