თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი დახვდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონია სენაკში 28 მარტს გაიმართა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე რიგით მე-5 როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას შეასრულებს.
ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
ავღანეთში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა გადასროლისწინა წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელზის სამხედრო ბაზაზე გაიარა.
"მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.
ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.