„Sputnik საქართველო" ჰოლივუდის ბოლო ნამუშევრების შესაფასებლად ყველა კინომოყვარულს თბილისის კინოთეატრებში ეპატიჟება.
6 აპრილს თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმის პრემიერა გაიმართება:
„შურისძიება" (Aftermath) — მხატვრული ფილმი, დრამატული თრილერი. რეჟისორი ელიოტ ლესტერი, მთავარ როლში არნოლდ შვარცენეგერი, პროდიუსერი — „შავი გედის" რეჟისორი დარენ არონოვსკი. მოქმედება 2002 წელს ხდება. მთავარი გმირი რომანი, რომელიც თავის ოჯახს აეროპორტში ელოდება, შეიტყობს, რომ ავიაკატასტროფა მოხდა და მისი საყვარელი ადამიანები — ცოლი და ორსული ქალიშვილი ავიადისპეტჩერის უაზრო შეცდომის გამო დაიღუპნენ. ახლობლების დაკარგვის შემდეგ მას ერთადერთი მიზანი აქვს — უნებლიე მკვლელის თვალებში უნდა ჩახედოს და მისგან სინანულის სიტყვები მოისმინოს. ერთი წლის ძებნის შემდეგ რომანი ავიადისპეტჩერ პოლს მიაგნებს.
ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება — ბოდენის ტბის თავზე ორი თვითმფრინავის შეჯახება და შემდგომ ავიადისპეტჩერის პეტერ ნილსენის მკვლელობა რუსეთის მოქალაქის, არქიტექტორ ვიტალი კალოევის მიერ, რომელმაც კატასტროფაში ცოლი და ორი შვილი დაკარგა.
„ვადაგასული ბანდიტები" (Going in style) — მხატვრული კომედიური ფილმია. რეჟისორი — ზაკ ბრაფი, მთავარ როლებში — მორგან ფრიმანი, კრისტოფერ ლოიდი და მაიკლ კეინი. ძველი მეგობრები ვილი, ჯო და ელა, საპენსიო ასაკის მიუხედავად, ცხოვრებაში პირველად გადაწყვეტენ კანონიერ გზას გადაუხვიონ. ანგარიშების გადახდით და ახლობლების დაკარგვით დატანჯულები, თავისი საპენსიო დანაზოგების შესანარჩუნებლად ისინი ბანკის გაძარცვას გადაწყვეტენ, რომელმაც მათი ფული მიითვისა.
საინტერესო ფაქტები: ფილმი 1979 წელს გადაღებული სურათის რიმეიქია. ეს მორგან ფრიმანისა და მაიკლ კეინის მეექვსე ერთობლივი ნამუშევარია.
„პატარა ბოსი" (The Boss baby) — მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი. რეჟისორი — ტომ მაკგრატი. ფილმი გაახმოვანეს — ალეკ ბოლდუინმა, ლიზა კუდროუმ, სტივ ბუშემმა. დედა, მამა და მათი საყვარელი შვილი ტიმი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სანამ მათ სახლში ტიმის უმცროსი ძმა არ გამოჩნდა. ბიჭი მას უნდობლობით უყურებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვილივით გამოიყურება, მისი ქცევა ტიპიურ მოზრდილ ადამიანს — მკაცრ, ანგარებიან, პრაქტიკულ „ბიზნესის ზვიგენს" მოაგონებდა…
გასულ კვირას თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა სამეცნიერო ჟანრის მხატვრული ფილმი „მოჩვენება ჯავშანში" (Ghost in the Shell), რომელიც დაფუძნებულია მასამუნე სიროს 1992 წლის მანგაზე. რეჟისორია რუპერტ სანდერსი, მთავარ როლს ასრულებს სკარლეტ იოჰანსონი.
ასევე თბილისის კინოთეატრებშია — რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრული მუსიკალური ფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში, რეჟისორ მ. ნაიტ შიამალანის ამერიკული ფსიქოლოგიური ფილმი „სპლიტი". ბრიტანელი რეჟისორის დენი ბოილის დრამა „T2 თრეინსფოთინგი 2" (T2 Trainspotting) და რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმი „კინგი: ჩონჩხის კუნძული" (Kong: Skull Island) ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში.
მულტფილმი ბავშვებისთვის — კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური მიუზიკლი „ზოოსტარი"(Sing) და ოჯახური ანიმაციური ფილმი „სმურფები: დაკარგული სოფელი" (Smurfs: The Lost Village)
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!