თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
პროექტის საზეიმო პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების — სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში გაიმართა.
ახალი 3 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება.
„ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური "სტადლერის" მატარებლით", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის სიტყვებით, ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური რამდენიმე საათში შეძლებს მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში — იქნება ეს მთის თუ ზღვის კურორტები.
დროის ათვლა დაიწყო, — 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი, დასძინა კვირიკაშვილმა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან სულ რამოდენიმე თვეში ამოქმედდება. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტი ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით”, — განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა და დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რიკოთის საავტომობილო გზის მასშტაბურ პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი.