თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე — აბდულკადირ დემირაი და ზაზა ჩეთინი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია „მარი ნჯოროგს“ მოტყუებით გადმოარიცხინეს 90 397 აშშ დოლარი და გადმორიცხული თანხა, იმავე დღეს, გამოიტანეს საბანკო ანგარიშიდან.
ამის შემდეგ, შემოსავლების წყაროს დაფარვის მიზნით, დემირაიმ და ჩეთინმა თანხა სხვა საბანკო ანგარიშზე შეიტანეს, შემდეგ კი თურქეთში გადარიცხეს. ამ მხრივ, ბრალდებულებმა თანხას კანონიერი სახე მისცეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’, მე-3 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’ და მე-3 ნაწილის,,გ’’) აღძრული, რაც 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.