თამაშების მეოთხე დღეს მასპინძლებს არ გაუმართლათ. ხუთიდან არცერთ მატჩში მასპინძელმა გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატში არც ერთი გუნდი არ დარჩენილა, რომელმაც დამარცხება არ იწვნია.
„ჩიხურას“ პირველი მარცხი
„ჩიხურა“ — შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია და ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ამ სეზონზე არცერთი წაგება არ ჰქონდა.
საანგარიშო ტურში საჩხერეს გუნდი ბათუმის „დინამოს“ ხვდებოდა. თუმცა, მატჩი ზესტაფონში მიმდინარეობდა, „ჩიხურა“ მოედნის ნომინალურ მასპინძლად ითვლებოდა. მაგრამ, როგორც სჩანს, უცხო გარემომ მაინც იმოქმედა.
ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა. თამაში, ძირითადად, მოედნის შუაში მიმდინარეობდა და შეტევები იშვიათი იყო.
შეხვედრის ბედი „ჩიხურას“ თავდაცვითი ხაზის ერთმა უხეშმა შეცდომამ გადაწყვიტა. 59-ე წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი ქავთარაძემ მარჯვენა ფლანგზე შეუზღუდავი თავისუფლება მოიპოვა, ორი მცველი მოატყუა და ვალერიან თევდორაძეს ზუსტი პასი გადასცა. მას მხოლოდ ისღა დარჩენია, ბურთი თითქმის ცარიელ კარში დაერტყა.
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი, მატჩში მეტი სახიფათო მომენტი არ შექმნილა, შედეგიც შესაბამის იყო — 0:1.
ჩემპიონი ისევ აგებს
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სამტრედია“ ისევ დაეძებს თამაშის იმ ნიუანსებს, რომლებმაც კლუბს შარშან საშუალება მისცა საუკეთესო კლუბი გამხდარიყო.
წინა ტურში ბათუმის „დინამოზე“ (1:0) გამარჯვების შემდეგ, თითქოსდა, ჩემპიონმა სწორი მიმართულებით დაიწყო სვლა. მაგრამ საანგარიშო ტურში გიორგი ცეცაძის აღსაზრდელებმა ისევ წააგეს.
სამტრედიელები თბილისის „დინამოელებმა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. თამაში ეროს მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ორივე კართან უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნა.
ამაზე სტატისტიკაც მოწმობს — სულ 11 დარტყმა განხორციელდა, რვა კუთხური და ორი ყვითელი ბარათი. გუნდები იბრძოდნენ და უტევდნენ. სტუმრებს უფრო მეტად გაუმართლათ.
კახა კაჭარავას აღსაზრდელებმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნეს. თავდაცვიდან შეტევაში გადასულმა ბოგდან მიშენკომ საჯარიმოში დაარტყა, ბექა მიქელთაძემ კი იმარჯვა და გაიტანა გოლი.
მეორე გოლი 75-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა, რომელიც ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო.
თბილისის „დინამომ“ ამ გამარჯვების წყალობით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილიდან შუა ნაწილში გადაინაცვლა.
აუტსაიდერის კარში ოთხი გოლი
ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, მაგრამ ეროვნული ლიგის აუტსაიდერის ვინაობის დასახელება უკვე შესაძლებელია.
ქობულეთის „შუქურა“ ამ მომენტში ყველაზე სუსტად გამოიყურება. ამის დასტურია საანგარიშო ტურის მატჩი, რომელშიც მასპინძლებმა ფოთის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:4 წააგეს.
თუმცა, მასპინძლისთვის მატჩი არც ისე ცუდად დაიწყო. 21-ე წუთზე „შუქურას“ ფეხბურთელებმა სწრაფი კონტრშეტევა დაიწყეს, რომელიც ზუსტი დარტყმით ლევან კუტალიამ დაასრულა.
თუმცა, შესვენებამდე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. თავი გამოიჩინა „კოლხეთის“ უკრაინელმა თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა, რომელიც ამ მატჩის მთავარი გმირი გახდა.
მეორე ტაიმში ტაბლოზე იგივე გვარები დაიწერა, იმ განსხვავებით, რომ ჯერ კოვტალიუკმა გაიყვანა წინ სტუმრები, კუტალიამ კი გაათანაბრა ანგარიში. ყველა ეს მოვლენა 61-ე წუთამდე მოხდა.
65-ე წუთზე თამაშის წესები უხეშად დაარღვია რომან ჩაჩუამ. მას უკვე ჰქონდა მიღებული გაფრთხილება და მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ის მატჩიდან გააძევეს.
ამ ეპიზოდმა მასპინძლების თამაში გადატეხა. მასპინძლების თავდაცვამ ვერ გაუძლო „კოლხეთის“ გაძლერებულ შეტევებს. 82-ე წუთზე კოვტალიუკმა მესამე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი ბუხაიძემ დაამყარა.
ოთხ მატჩში „შუქურამ“ ცხრა გოლი გაუშვა — ლიგაში ყველაზე მეტი, ხოლო კოვტალიუკის ხეტ-ტრიკი ამჟამინდელ ჩემპიონატში პირველი გახდა. ამ სამი გოლის წყალობით უკრაინელმა ლეგიონერმა თავის გუნდელ გიორგი ჯანელიძეს დაეწია და ჩემპიონატის ბომბარდირების სიაში ისინი ერთად ლიდერობენ.
ერთი სტრიქონით
„საბურთალომ“ გასვლაზე მინიმალური გამარჯვება მოიპოვა „დილასთან“ 1:0 და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხცედრა ფრედ 1:1 დაასრულა. ეს ფრე „რკინიგზელთათვის“ ამ სეზონზე პირველი გახდა.
IV ტურის ყველა მატჩის შედეგები:
„ჩიხურა“ (საჩხერე) — „დინამო“ (ბათუმი) 0:1
„სამტრედია“ — „დინამო“ (თბილისი) 0:2
„დილა“ (გორი) — „საბურთალო“ (თბილისი) 0:1
„ლოკომოტივი“ (თბილისი) — „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:1
„შუქურა“ (ქობულეთი) — „კოლხეთი“ (ფოთი) 2:4
ეროვნული ლიგის V ტურის მატჩები შუაკვირაში ჩატარდება — 4 და 5 აპრილს.