თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სარაკეტო კომპლექს „ისკანდერების“ განთავსება კალინინგრადის ოლქში, საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერმა გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვალდებული არ არის, ნატო-ს ანგარიში ჩააბაროს კალინინგრადში „ისკანდერების“ განთავსებასთან დაკავშირებით.
„არავინ დავობს იმაზე, რომ კალინინგრადის ოლქი რუსეთის ტერიტორიაა. მაგრამ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ განთავსება — ეს მილიტარიზაციისა და კონტროლის გაძლიერების ტენდენციაზე მეტყველებს. ალიანსის წევრი რუსეთის მეზობელი ქვეყნები ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის საშიშროებად მიიჩნევენ“, — განაცხადა გეტემიულერმა.
შეგახსენებთ: რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს წარსულშიც არაერთხელ განუცხადებიათ, თუმცა მოსკოვი გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ რუსეთი არასდროს დაესხმება თავს ნატო-ს წევრ ქვეყნებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, ნატო-ს მშვენივრად მოეხსენება, რომ მოსკოვს გეგმაში არ აქვს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა. ალიანსი უბრალოდ საბაბად იყენებს ამ თემას იმისთვის, რომ რუსეთის საზღვრებთან კიდევ მეტი ტექნიკა და საჯარისო ნაწილები განათავსოს.