ნიკოლოზ ცისკარიძე: ბოლო დროს მეშინია ხუმრობისა და ვცდილობ, ენას კბილი დავაჭირო.

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშინიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

იუმორი ყველა ერის ხალხს აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ მისი ზუსტი თარგმნა შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ არსებობს ისეთი რაღაც, რაც სხვა ენაზე გაუგებარია. მაგალითად, სიტყვების თამაში, ინტონაცია, კილო.

რაღა თქმა უნდა, ქართულშიც არის ასეთი იუმორი, რაც არაერთხელ გამოუყენებიათ ქართველ მწერლებს. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა კინოში. გავიხსენოთ ნებისმიერი კომედიური ფილმი იმერული თუ კახური იუმორის ელემენტებით. მაგალითად, ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ სწორედ ქართულ ენაზეა ძალიან სასაცილო, თანაც რუსულად მისი სათაური რატომღაც თარგმნეს როგორც „Девушка со швейной машинкой“.

სიყვარული ყველას უნდა - Sputnik საქართველო
„სიყვარული ყველას უნდა“ — 21 დაუვიწყარი ფრაზა სიყვარულზე

ან ავიღოთ ნანა მჭედლიძის მშვენიერი კომედია „იმერული ესკიზები“. ეს ფილმი კიდევ იმის გამოც მომწონდა, რომ იმ სოფელში, სადაც ისაა გადაღებული, დედაჩემის ნათესავები ცხოვრობდნენ და ბევრჯერ ვარ ნამყოფი.

ასე რომ, იუმორის გარდა ამ სურათში მხიბლავს ის კოლორიტი, რომელიც ამ ადგილისთვისაა დამახასიათებელი.

ისეთი კლასიკური ფილმები კი, როგორებიცაა „ქეთო და კოტე“ ან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (რუსულად „Иные нынче времена“), რომლებიც ლამის ზეპირად ვიცი, საერთოდ შეუძლებელია, გადათარგმნო რუსულად.

აი, ხანუმა ამბობს: „როცა მამიკომ პეტერბურგში წამიგო…“ — ეს ფრაზა სასაცილოდ სწორედ იმიტომ ჟღერს, რომ პეტერბურგში გაზრდილი და ქართულ ენადავიწყებული ქალბატონი ამბობს, რუსულად კი მთელი კომიკურობა იკარგება.

ხუმრობა მიყვარს, ეს ჩემი ხასიათს ერთ-ერთი მთავარი თვისებაა და ამის გამო უკვე ბევრი წელია ვიტანჯები. ხშირად ხდება, რომ რაღაცას ან ვიღაცას ვახასიათებ და მერე ეს ჩემი „განსაზღვრება“ სამუდამოდ ეკერება ადამიანს. ამიტომაც ბევრნი წლების განმალობაში არ მპატიობენ ხუმრობას.

არადა, ძალიან ზუსტად ვხუმრობ. ზუსტი ხუმრობა კი, როგორც ჩანს, მტკივნეულია. ამ ბოლო დროს უკვე მეშინია ხუმრობისა და ვცდილობ, ენას კბილი დავაჭირო.

საერთოდ, ჩემთვის არ არსებობენ ადამიანები იუმორის გრძნობის გარეშე, იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდი საშინელებაა. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია, საკუთარ თავს დასცინოს, აბსოლუტური სულელია და მასთან ურთიერთობა ძალიან რთულია. 

იუმორის გარეშე ყველგან ჭირს, თვით ბალეტშიც კი. ეს უმძიმესი სამუშაოა და თუ იუმორით არ მიუდექი ბევრ რამეს, სარეპეტიციო დარბაზში დიდხანს ვერ გაძლებ. თუ ნორმალური, ადამიანური ემოციები არ გაქვს, ამ დროს შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე და ბოლოს საგიჟეთშიც კი მოხვდე.

სხვათა შორის, ძალიან მიყვარს გადაცემა Comedy Woman. როცა გავიგე, რომ ნატაშა ეპრიკიანი თბილისელი გოგოა, კარგად გადავიხარხარე და ვთქვი, აბა, სხვანაირად როგორ-მეთქი?! მარტო თბილისელი სომეხი თუ შეძლებდა ამ ყველაფრის ასეთი ბრწყინვალე იუმორით გაკეთებას.

გახსოვთ სცენა, სადაც ის პლასტიკური ქირურგის, სუსანა გიგოევნას როლს ასრულებს? იმ სცენაში ერევნული კი არა, ნაღდი თბილისური სომხური აქცენტით ლაპარაკობს — დიახ, ერევნული სომხური და თბილისური სომხური ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აი, იმ მომენტიდან გავხდი ნატაშას თაყვანისმცემელი.

ჰო, მართლა ორიოდე კვირის წინ „კავეენის“ უმაღლესი ლიგის გადაღებებზე საქართველოს ნაკრები გავიცანი. თანადგომა მთხოვეს და მეც მათთან ერთად გავედი სცენაზე. ჰოდა, გაიმარჯვეს კიდეც იმ დღეს. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი და მინდა, სულ გამარჯვებები ვუსურვო მათ!

ყველა ახალი ამბავი
0