ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბანგლადეშში გაემგზავრა

© საქართველოს პარლამენტიირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორუმზე ბანგლადეშში
ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორუმზე ბანგლადეშში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტთაშორისო კავშირი(IPU) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო ფორუმია, რომელიც 171 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აერთიანებს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში მონაწილეობს, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

საპარლამენტთაშორისო კავშირი(IPU) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო ფორუმია, რომელიც 171 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი 1-5 აპრილს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში იმართება და მისი მთავარი თემაა „უთანასწორობის აღმოფხვრა: ღირსებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“. ასამბლეის სხდომა 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნება. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ირლანდიის, ეგვიპტის, კანადის, ბრაზილიის, ჩინეთის,იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდონეზიის, შრი-ლანკის, ფიჯის და სხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანია: პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება; აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რეგიონებში საქართველოსადმი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მობილიზება. ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატების პარალელურად, ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს წამყვან და პოლიტიკურად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან. ამავდროულად, ცვალებადი საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით, უმთავრეს ამოცანად რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართულებით. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ზემოაღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაზე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ყველა ახალი ამბავი
0