„Sputnik საქართველო" მოგიყვებათ, როგორ ცხოვრობენ საქართველოს ოთხივე პრეზიდენტის შვილები.
ზვიად გამსახურდიას შვილები
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა, სამი ვაჟი ჰყავს — კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი.
კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ზვიად გამსახურდიას დალი ლოლუასთან პირველი ქორწინებიდან ეყოლა. მაა სახელი ბაბუის, კონსტანტინე გამსახურდიას საპატივცემულოდ დაარქვეს და ერთადერთი შვილია, რომელიც მამამისის კვალს გაჰყვა და პოლიტიკაში წავიდა.
კონსტანტინემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ზვიად გამსახურდიას გადადგომის და „თბილისის ომის" შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში და თარგმანებითა და ლიტერატურისმცოდნეობით იყო დაკავებული.
2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და დააარსა მოძრაობა „თავისუფლება". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას. რამდენჯერმე მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა დამარცხდა.
ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი, მანანა არჩვაძესთან მეორე ქორწინებიდან, გამსახურდიების ოჯახში ყველაზე განსხვავებული ფიგურაა.
ცოტნე გამსახურდია დაიბადა თბილისში. 1992 წელს დედასთან და ძმასთან ერთად საცხოვრებლად ჩეჩნეთში გადავიდა, იქიდან კი 1994 წელს — მოსკოვში, სადაც მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი დაამთავრა.
1997 წელს ცოტნე გამსახურდია დედასთან და ძმასთან, გიორგისთან ერთად, დაბრუნდა სამშობლოში. ის ბათუმში დასახლდა, სადაც ბათუმის მერის თანაშემწედ დაინიშნა. 1999 წელს მას მკვლელობის მცდელობა დაბრალდა — საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრი ავთანდილ მაღლაკელიძე დაჭრა, თუმცა, საქმე დაიხურა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, ცოტნე მეცნიერებით დაკავდა და მედიის თვალსაწიერიდან გაქრა. 2009 წლის ოქტომბერში ის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
პატიმრობაში გამსახურდიამ რამდენჯერმე შიმშილობა დაიწყო. 2012 წელს ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი საჯარო ცხოვრებას ერიდება.
ის 1994-1997 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც საერთაშორისო სამართლის სპეციალობით დაამთავრა ხალხთა მეგობრობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წლების მანძილზე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.
ედუარდ შევარდნაძის შვილები
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილები გაურბიან საჯაროობას, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ ედუარდ შევარდნაძეს თანამდებობიდან გადადგომისკენ უბიძგა.
ისინი მამის კვალს არ გაყვნენ. შევარდნაძის ვაჟი იურისტია, დიდხანს მუშაობდა იუნესკოში, 2003 წლის შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში და ბიზნესით დაკავდა.
შევარდნაძის ქალიშვილი მანანა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ იგი საჯარო ცხოვრებას დაემშვიდობა, მაგრამ საქართველოში დარჩა. მანანა შევარდნაძე სარეკლამო კომპანიის „ნეოსტუდიოს" დამფუძნებელია.
მიხეილ სააკაშვილის შვილები
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი 20 წლის ედუარდი აშშ-ში სწავლობს.
სწავლის პარალელურად, მესამე პრეზიდენტის შვილი მუშაობს. ის გაზეთ Daily Gazzete-ის ერთ-ერთი რედაქტორია და სტატიებს წერს.
13 წლის ასაკში მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც iPad-ზე ინგლისური ანბანი 5,26 წამში აკრიფა.
სააკაშვილის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი კი 11 წლის არის. ის ინგლისისი კერძო სკოლაში სწავლობს.
გიორგი მარგველაშვილის შვილები
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს სხვადასხვა ქორწინებიდან ორი საკუთარი შვილი ჰყავს — 25 წლის ანა მარგველაშვილი (ანასტასია ვირსალაძესთან ქორწინებიდან) და თემო — მაკა ჩიჩუასთან ქორწინებიდან. პრეზიდენტის მეუღლეს მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს ქალიშვილი — მაშო ჩიჩუა.
თემო მარგველაშვილი 2,5 წლისაა, რომელიც მას შემდეგ დაიბადა, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა.
ანა მარგველაშვილი გათხოვილია, მას ქალიშვილი ანასტასია ჰყავს. ბოლო დრომდე ის ერიდებოდა ტელეკამერების წინ გამოჩენას, მაგრამ მისი მეგობრის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების შემდეგ, ანამ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში მომავალში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.