ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა

© Flickr / FreeUsePhotos / Satureja montanaმთის ქონდარი
მთის ქონდარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ამ ახალ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.
სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ რეცეპტებში მოხსენიებულია სანელებლები, რომლებიც გაურკვევლობაში აგდებს ქართველ დიასახლისებს და არცთუ იშვიათად იწყება დავა, უცხოური დასახელების ესა თუ ის სანელებელი ჩვენთვის ნაცნობია თუ არა.
წინა სტატიებში გიამბეთ ქართულ სამზარეულოში საპატიო ადგილის მქონე სუნელების — უცხო სუნელისა და იმერული ზაფრანას შესახებ. დღეს მინდა ქონდარის შესახებ გიამბოთ. ქონდარს სხვა ქვეყნების კულინარიაში უფრო ფართო გამოყენება აქვს. თუმცა, წარმოუდგენელია ხორცის ქართული, ტრადიციული კერძები ამ სანელებლის გარეშე.
ქონდარი (Satureja spp.) – ტუჩოსანთა ოჯახის გვარი, წარმოდგენილია ერთი, ან მრავალწლოვანი ბალახებითა და ბუჩქ-ბალახებით. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების და სუბტროპიკების მთიანი მხარეების მშრალ და კირქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე. ქონდარის ველური წინაპრების სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია, საიდანაც გავრცელდა დასავლეთის ქვეყნებში — ევროპაში, აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
© Flickr / Andrey Zharkikh / Creeping savoryმცოცავი ქონდარი
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
მცოცავი ქონდარი

საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია სამი სახეობა. ტყის ქონდარი (S. laxiflora C. Koch.), ონჭო (S. spicigera (C.Koch)Boiss.) და Satureja bzybica Woronow, რომელიც მხოლოდ აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში გვხვდება. ქონდარის სამივე სახეობა ქართულ კულინარიაში ფართოდ გამოიყენება ხორციანი კერძების სანელებლად. გარდა ამ სახეობებისა, სანელებლად გამოიყენება ბევრ ქვეყანაში კულტივირებული ბაღის ქონდარი (S. hortensis L.), და მთის ქონდარი (S. montana L.), რომელიც ძირითადად დეკორატიულ მებაღეობაში გამოიყენება.

მცენარის სახელს ძველი რომაელები უკავშირებდნენ მიწათმოქმედების ღმერთ სატურნს (ბერძნული მითოლოგიით, ნაყოფიერების — სატირა). მცენარის ინგლისური სახელწოდება savory, მოდის შუასაუკუნეების ფრანგული სიტყვიდან savoury, რაც სანელებელს ნიშნავს.

© Flickr / Scott Loarie / satureja douglasiiდუგლასის ქონდარი
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
დუგლასის ქონდარი

მცენარის მიწისზედა ნაწილები დიდი ოდენობით შეიცავს ისეთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა ეთერზეთები, ფისები, მთრიმლავი და ლორწოვანი ნივთიერებები. დიდი რაოდენობით ეთერზეთები მცენარეს სპეციფიკურ, მძაფრ არომატსა და გემოს ანიჭებს, რის გამოც ქონდარის მიწისზედა, მწვანე ნაწილები შუა საუკუნეებიდან არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც სანელებელი და სამკურნალო მცენარე. გამომშრალ მდგომარეობაში მცენარის არომატი და გემო მძაფრდება, რის გამოც ქონდარი კლასიკურ სუნელადაა მიჩნეული. საქართველოში გამოიყენება როგორც ნედლი, ისე მშრალი სახით. რაც შეეხება მთის ქონდარს, ეს სახეობა პოპულარულია რუმინულ, მოლდავურ და ბალკანეთის ყველა ქვეყნის სამზარეულოში. მას უფრო მცირე რაოდენობით იყენებენ, რამდენადაც ეთერზეთებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო სხვა სახეობებთან შედარებით ხასიათდება უფრო მძაფრი გემოთი და არომატით.

© Flickr / Angela Llop / Sajolida i abella, Sentís, Pallars Jussà.ქონდარი
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ქონდარი

მძაფრი არომატის, პიკანტური, მკვეთრი გემოს მქონე ქონდარი (იგივე ჩუმბრა, აციბრა, ციტრონი, ჯამბული) პოპულარული სანელებელია და ქართულ, იუგოსლავურ, ბულგარულ, მოლდავურ, უზბეკურ, აფხაზურ, სომხურ და ევროპულ სამზარეულოში გამოიყენება ბოსტნეულის, სოკოს, ხორცისა და თევზის კერძების მოსამზადებლად. ქონდარი ევროპის ბევრ ქვეყანაში პარკოსნების კერძების, მაიონეზის, ბულგარული საწებლების და სხვადასხვა სოუსების აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენს. ინახება როგორც გამომშრალი სახით, ისე ნედლად — გაყინული, ან ზეთში მოთავსებული. ქონდარის არომატით გამდიდრებული ზეთი (ლიმონის ცედრასთან ერთად) კარტოფილის სალათებს პიკანტურ გემოსა და არომატს აძლევს.

© Flickr / Miltos Gikas / Calamintha nepetaქონდარი
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ქონდარი

ქონდარის სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია მცენარის ბაქტერიციდული მოქმედება. ამ თვისების გამო, ქონდარი ბევრი ქვეყნის ნაციონალურ სამზარეულოში გამოიყენება ბოსტნეულის მარინადების, მწნილებისა და მუჟუჟების დამზადების დროს. როგორც არომატიზატორი, იხმარება თევზის და ხორცის საკონსერვო წარმოებაში. დიეტური კვების რაციონში, რეჰანთან ერთად ქონდარი მარილისა და წიწაკის შემცვლელ დანამატად გამოიყენება.

© FB/ Giorgi Sexniaidzeჩაი "უშარო"
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ჩაი "უშარო"

რაც შეეხება ქონდარის სამკურნალო თვისებებს, ეს მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი ხალხურ მედიცინაში ტაქიკარდიის, თავბრუს ხვევის, თავის ტკივილის, შაკიკის, მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ცისტიტის, მეტეორიზმის, რინიტის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან ქონდარი გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, მადის მომგვრელი, სპაზმოლიზური, ღებინების და ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ქოლერის, შავი ჭირის, ტიფის, ტუბერკულოზის და ყვითელი ცხელების დროს.

თანამედროვე მედიცინაში ქონდარი მრავალ ქვეყანაში ოფიციალურად არის მიჩნეული სამკურნალო მცენარედ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ქონდარის პრეპარატების წარმოება ხდება ეთერზეთების, სამკურნალო ჩაის, ფხვნილის და ნაყენის სახით. ქონდარისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ხველების, სურდოს, ბრონქიტის, გაციების, ყივანახველას, ბრონქული ასთმის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების და ფილტვების ანთების სამკურნალოდ. მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება. ეფექტურია მეტეორიზმის დროს, ასევე ხასიათდება სედატიური მოქმედებით ნაწლავური კოლიკების დროს. აძლიერებს მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას კუჭისა და ნაწლავების მიერ. კუჭ-ნაწლავის აშლილობისას და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც ფაღარათის საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ნერვული აშლილობისას, რომელსაც თან სდევს ქრონიკული დაღლილობით გამოწვეული მადის დაქვეითება, უძილობა, აპათია, ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება, ეფექტურია ქონდარის ჩაის მიღება. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში ქონდარის ჩაი ამცირებს წყურვილის გრძნობას. მცენარის წვენი ხსნის ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს და შეშუპებას.

© Flickr / Joan Simon / Acinos alpinusქონდარი
ქონდარი - მხოლოდ სანელებელი თუ პანაცეა - Sputnik საქართველო
ქონდარი

ქონდარის ექსტრაქტი ხასიათდება ინსექტიციდური (მწერების საწინააღმდეგო) და ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედებით.

არცთუ იშვიათად ქონდარი მაიორანსა და ბეგქონდარაში ერევათ. რომლებიც ასევე ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. ტუჩოსანტა ოჯახი, ქონდარის გარდა, 300-მდე გვარს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი, მაგალითად, როზმარინი, ლავანდი, პიტნა, ბეგქონდარა, სალბი, მაიორანი, რეჰანი, ბარამბო, თავშავა და სხვ. გამოიყენება სანელებლად სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში.

ამ სანელებლების შესახებ შემდეგ სტატიებში გიამბობთ.

ყველა ახალი ამბავი
0