მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მილიონობით ადამიანი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს იმის გამო, რომ არასწორად მოხარშულ ბრინჯს მიირთმევს.
ამასწინანდელმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბრინჯის მომზადების ყველაზე გავრცელებული მეთოდი — ეს ადუღებულ წყალში ჩვეულებრივი მოხარშვაა. ეს კი აბსოლუტურად არ არის საკმარისი იქიდან დარიშხანის გამოსადევნად.
საქმე ისაა, რომ ნიადაგში ათწლეულების განმავლობაში გროვდება დარიშხანის შემცველი საწარმოო ტოქსინები და პესტიციდები, რომლებსაც მცენარეები შეიწოვს. ასეთი პროდუქტის გამოყენებამ კი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო მთელი რიგი სერიოზული პრობლემები წარმოქმნას, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა, დიაბეტისა და კიბოსიც კი.
იმის სანახავად, თუ როგორ იცვლება დარიშხანის დონე ბრინჯში, ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა პროფესორმა ენდრიუ მეარგმა ექსპერიმენტი ჩაატარა. BBC-ის ტელეგადაცემაში "დამიჯერეთ, მე ექიმი ვარ", მან სამი სხვადასხვა მეთოდით მოამზადა ბრინჯი.
პირველი მეთოდი: ტრადიციული მეთოდი, ანუ 2 წილი წყალი და 1 წილი ბრინჯი მოხარშა წყლის სრულად დაშრობამდე.
მეორე მეთოდი: 1 წილი ბრინჯი მოხარშა 5 წილ წყალში. როდესაც ჭურჭლიდან ზედმეტი წყალი გადაწურეს და ბრინჯში დარიშხანის დოზა გაზომეს, აღმოჩნდა, რომ საწამლავის რაოდენობა ორჯერ შემცირებულიყო.
მესამე მეთოდი: ბრინჯი მომზადებამდე მთელი ღამით ჩაალბო წყალში. ტოქსინების რაოდენობა 80%-ით შემცირდა.
ასე რომ, ბრინჯის მომზადების ყველაზე სწორი და უსაფრთხო მეთოდი ასეთია:
- ჩაალბეთ ბრინჯი ცივ წყალში და დატოვეთ ასე მთელი ღამე;
- ავლეთ წყალში მანამ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება;
- მოხარშეთ 1 წილი ბრინჯი 5 წილ წყალში, ბოლოს კი ზედმეტი წყალი გადაწურეთ.
მავანს შესაძლოა მოსაბეზრებლად და ზედმეტად მოეჩვენოს ბრინჯის ასე მომზადება, ისიც კი იფიქროს, ასე ხომ მთელი გემო გაუვაო, მაგრამ დაფიქრდით, რა გემოზე მიირთმევთ ახლა ბრინჯს — დარიშხანისა ხომ არა?