ახლა ნანა საუბრობს იმაზე, თუ როგორი დიდი და ლამაზი ქალაქია მოსკოვი, რამდენი ვარსკვლავი ნახა იქ, როგორია იგრძნო თავი ნამდვილ მომღერლად და იდგე დიდ სცენაზე.
„ვფიქრობ, რომ ძალიან შევიცვალე, დიდი გამოცდილება მივიღე. უფრო მშვიდი, თავდაჯერებული გავხდი. უკეთ სწავლაც დავიწყე, გაკვეთილებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ვიდრე ეს პროექტამდე იყო. როდესაც მოსკოვში ჩავედი, თავდაპირველად სულ ტირილი მინდოდა, რადგან არ ვიცოდი რუსული და ვფიქრობდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ვერ მექნებოდა, მაგრამ შეუძლებელია არაფერია. საერთოდ არ ვიცოდი რუსული ენა, მაგრამ ბავშვებმა ბევრი რამ მასწავლეს", — აღნიშნა ნანამ.
რეპეტიციები, გართობა, მეცადინეობა, ცნობილი არტისტები — ნანას უყვარს იმ თავგადასავლების გახსენება, რომელზეც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვერც იოცნებებდა.
„ძალიან კარგად შემხვდნენ. შევიძინე ახალი მეგობრები, განსაკუთრებით დავუმეგობრდი მონაწილეებს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ასევე გავიცანი ქართველი ლაშა სოზაშვილი, ძალიან გამიხარდა, რომ მას ქართულად დაველაპარაკე", — აღნიშნა ნანამ.
ახლა ნანა რუსულ ენას გულმოდგინედ სწავლობს, მეცადინეობს ვოკალში. კონკურსი Ты супер! მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რაც მას დაეხმარა განვითარებაში და იმაში, რომ მომავალში ჟიურის წინაშე უფრო თავდაჯერებულად და მომზადებულად წარდგეს.
„ძალიან მომეწონა. ეს გამოცდილება მომავალში გამომადგება. სცენაზე პირველად ვიდექი. ამ შეგრძნების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. მახსოვს, იმ დღეს, როდესაც სცენაზე გავედი, ძალიან ვნერვიულობდი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: "ნანა, არ უნდა ინერვიულო!", მაგრამ როცა კარი გაიხსნა და დავინახე მაყურებელი, ჟიური, განათება, კამერები, ყველა მე მიყურებდა, ძალიან დავიბენი. მაგრამ მომავალში აღარ დავიბნევი", — აღნიშნა ნანამ.
მოსკოვში ნანამ ისწავლა თიხის საგნების გაკეთება, ქსოვა, საღამოობით პროექტის ორგანიზატორები აწყობდნენ დისკოთეკებს და ბავშვებს მოდუნება და გართობა შეეძლოთ. ნანა იხსენებს, რომ მოსკოვში მას განსაკუთრებით შენობები მოეწონა.
„მოსკოვი ძალიან მომეწონა, იქ ძალიან ლამაზი შენობებია. დაგვათვალიერებინეს ქალაქი, უკვე მენატრება მოსკოვი. წაგვიყვანეს იური გაგარინის მუზეუმში. გავიცანით კოსმონავტი, რომელიც მოგვყვა, როგორ ჩავიცვათ სკაფანდრი, როგორ მივიღოთ კოსმოსში საკვები, რა შეგრძნებები ჰქონდა მას, როდესაც უწონო მდგომარეობაში იყო. მუზეუმ ძალიან მომეწონა. როგორც კი ჩამოვედი, კლასელებს მოვუყევი. ასევე ვიყავით ცირკში, ეს, უბრალოდ, მშვენიერი იყო", — იხსენებს ნანა.
მოსკოვმა გოგონაზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის იქ ცხოვრებაზე ოცნებობს. მუსიკის პედაგოგ მანონი მანაგაძესთან ერთად, რომელიც გოგონას მოსკოვში ახლდა, ნანა არჩევს და სწავლობს ახალ სიმღერებს, ვარჯიშობს გამების მღერაში.
„ნანასთვის ეს კონკურსი პირველი იყო, სცენაზე პირველად გავიდა. მიკროფონით არასდროს უმღერია. კონკურსი Ты супер! ასე ვთქვათ, მისი დებიუტი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, როდესაც აქედან მივდიოდით, კიდევ არ გვესმოდა და გაცნობიერებული არ გვქონდა, რა დონის კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას. არ გვჯეროდა, რომ იქ მოვხვდით", — განაცხადა მანაგაძემ.
ნანას მასწავლებელი ამბობს, რომ ნანას ვეღარ ცნობს. პროექტის შემდეგ ის თითქოს სხვა ადამიანი გახდა. მისი თქმით, პროექტი Ты супер! არა მხოლოდ საკუთარი თავის გამოვლენის უნიკალურ შანსს აძლევს ბავშვებს, არამედ საკუთარი ძალების რწმენის ძალას მატებს და მიზნის მიღწევაში ეხმარება.
„ნანამ ძალიან კარგად იმღერა "თბილისო" რეპეტიციაზე, მაგრამ კონკურსზე ძალიან დაიბნა. გამოსვლის შემდეგ მითხრა, რომ ისე ნერვიულობდა, შიგნით ყველაფერი უკანკალებდა, საკუთარი ხმაც არ ესმოდა. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც პროექტზე მონაწილეობაში დაგვეხმარა, რა თქმა უნდა ტელეარხ НТВ-ს და "Sputnik საქართველოს". ეს ნამდვილად კეთილშობილური პროექტია. სხვადასხვა ქვეყნიდან მძიმე ისტორიების მქონე 90 ბავშვს ასეთი დიდი შანსი მიეცა. დიდი მადლობა!" — განაცხადა მანაგაძემ.
მანაგაძემ მოყვა, რომ ბავშვებს დიდი სიყვარული, სითბო და ყურადღება აჩუქეს. თბილი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ნანასთან, რომელიც მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს — გახდეს მომღერალი.
ამაზე დედამისიც ოცნებობდა. ნანას პირველი დამრიგებელი ნინო ნოზაძე იხსენებს, რომ დედამისი, რომელიც ასევე მისი მოსწავლე იყო, ძალიან კარგად მღეროდა, მას გადასარევი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ რთული ოჯახური მდგომარეობის გამო ვოკალში მეცადინეობის გაგრძელება ვერ შეძლო. ის ოცნებობდა, რომ მისი ქალიშვილი მის ოცნებას განახორციელებს და მომღერალი გახდება.
„ნანამ თავიდანვე აჩვენა საკუთარი ნიჭი და ყველა სასკოლო კონცერტზე სოლისტი იყო. ის არ იყო მხიარული ბავშვი. ყოველთვის, როცა მღეროდა, იგრძნობოდა სევდა, თვალებში კი ტკივილი, იქნებ ამიტომ ნანას სიმღერები ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს", — ამბობს ნოზაძე.
ახლა ნანას ფოტოსურათი სკოლაში საპატიო დაფაზეა გამოკრული. ქარელში მას ყველა იცნობს, გამგეობამ გოგონას წარმატებაზე დაწერა. ყველა ამაყობს მისით. ქარელიდან ნანა პირველია, ვინც ასეთი მასშტაბის კონკურსზე მოხვდა.
რუსულ ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.
ნანა ვარძელაშვილი ცხოვრობს ქარელში. ნანას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მამას ის ფაქტობრივად ვერ ხედავს. ბებიას მუშაობა მოუწია იმისათვის, რომ დაობლებულ შვილიშვილზე ეზრუნა. ახლა ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც გოგონას დატოვებაზე დათანხმდნენ, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს. ნანა ყოველთვის მღეროდა. ამბობს, რომ უფრო მეტს იმეცადინებს, რათა აისრულოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დედის ოცნებაც — გახდეს მომღერალი.