"გარემოვაჭრეები ეწინააღმდეგებიან იმას, რომ მათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას კანონიერად მოსთხოვენ, რადგან არ იციან, თუნდაც, როგორ უნდა გამოიყენონ სალარო აპარატი ან გააკეთონ საბუღალტრო აღრიცხვა. ამიტომ სახელმწიფომ მათთვის ფიქსირებული გადასახადი უნდა შემოიღოს“, — განუცხადა "Sputnik–საქართველოს" ირაკლი თედორაძემ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. მერია დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ უნებართვო გარევაჭრობა დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, რომელთა შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა და ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება. ამავე დროს თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს.