თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სუამ-ის წევრ-სახელმწიფოებმა (საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა, მოლდოვამ) რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლებიც სახელმწოფოებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისკენ არის მიმართული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости უკრაინა".
სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა სამიტი კიევში ორშაბათს ტარდება.
ხელი მოეწერა ოქმებს მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ „2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" და „სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ".
„დღეს ჩვენ რამდენიმე დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რომლებიც უკვე 2017 წელს საშუალებას მოგვცემს ჩვენი სახელმწიფოების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა სრულფასოვნად დავნერგოთ", — განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან განაცხადა, რომ ოთხ სახელმწიფოს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა ამ სახელმწიფოების ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე საქართველოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენს, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან.
სუამ-ი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაცია. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამ-ი.