საქართველოში ახალი პროექტი "აქტიური სპორტი ყველა სკოლას" დაიწყო

გამოწერა
პროექტის ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი გადამზადდება.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოში უპრეცედენტო საპილოტე პროექტი "აქტიური სპორტი ყველა სკოლას" დაიწყო, აღნიშნულია სპორტის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პროექტის ინიციატორია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხორციელდება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად.

პროექტის ფარგლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი გადამზადდება.

მასწავლებელთა გადამზადება უზრუნველყოფს სპორტის სწავლების ყველა საფეხურზე თანაბრად აქტიურ მიმდინარეობას, საგაკვეთილო პროცესში როგორც ვაჟების, ასევე გოგონების ერთნაირ ჩართულობას.

"მოტივირებული და გადამზადებული მასწავლებლები ხელს შეუწყობენ — მოსწავლეთა უმრავლესობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები ჩართონ საგაკვეთილო პროცესში და დაეხმარონ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას და მათ ფიზიკურ განვითარებას", – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი მიზნად ისახავს სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვას, მომავალ თაობაში სწორი ფიზიკური აღზრდის კულტურის ჩამოყალიბებას.

სპორტისა და განათლების სამინისტროები, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროექტის დანერგვის მონიტორინგსა და შეფასებას განახორციელებენ. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული ყველა სკოლაში დაინერგება.

საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის მასწავლებლებს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა, მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და ქართული სპორტის განვითარებაში მათ უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

"სპორტი ყველა სოფელში, ყველა რეგიონში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი… პედაგოგების გადამზადება აუცილებელია, კვალიფიციური მასწავლებლები მეტწილად განსაზღვრავენ ჩვენი სპორტსმენების სამომავლო წარმატებებს, რადგან სწორად ჩაყრილი საფუძველი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მაღალ დონეზე გაზიარება წლების შემდეგ პროფესიულ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მოგვიტანს", – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0