თბილისი, 25 მარტი — Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შენობა გახსნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი მიკოლა ჩეჩოტკინი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმურ დემჩუკი.
მერაბ მალანიამ უკრაინელ სტუმრებთან ერთად ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ავტოფარეხები დაათვალიერა.
"ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია", – ნათქვამია განცხადებაში.
ახალ შენობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, რომლებსაც ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.